„გამოდი გარეთ ახალი ნარკოპოლიტიკისთვის", - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" საზოგადოებას მოუწოდებს, ხვალ, 10 დეკემბერს, 5 საათზე ვარდების მოედანზე აქციას შეუერთდნენ.
„გადამწყვეტი ბრძოლა გამარჯვებისთვის", - მოძრაობაში ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის კანონპროექტის უცვლელად მიღება ხელისუფლების ვალდებულებაა.
„დროა, ბრძოლა ლოგიკური შედეგით დასრულდეს,
დროა, ხალხის მოთხოვნა საბოლოოდ დაკანონდეს,
რადგან სისტემა ვალშია ჩვენთან დაუმსახურებელი ჩაგვრისთვის!
ჩვენ არ დავუშვებთ ფასადურ ცვლილებებს,
აღარ დავუშვებთ, გვდევნიდნენ და გვართმევდნენ მომავალს,
გვძარცვავდნენ და ჩვენივე თანხებს ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებდნენ,
გვაიძულებდნენ დასმენას და გვართმევდნენ ნდობასა და ურთიერთობებს.
აღარ დავუშვებთ, რომ პოლიციური ტერორით გვიკლავდნენ თანამოქალაქეებს.
სახელმწიფო ვალშია ჩვენთან!
და კანონპროექტის უცვლელად მიღება
არა ხელისუფალის კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა.
გავიდეთ გარეთ!
დროა, პატიმრები ახალ წელს ოჯახში შეხვდენენ.
დროა, უმიზეზოდ აღარავის იჭერდნენ.
დროა, მივიღოთ ცვლილება და კუთვნილი თავისუფლება.
ხმაურის დროა, გამარჯვებისთვის!", - აცხადებენ მოძრაობის წევრები.