51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ შემთხვევას, რომლის შედაგადაც ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, საკვირაო ქადაგებისას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამოეხმაურა.
"არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები, ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები",- განაცხადა პატრიარქმა.
1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.