
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს მხარი არ დაყუჭირა. კომიტეტის აპარატში „ლიბერალს" უთხრეს, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 11-მა დეპუტატმა მისცა, მის მხარდასაჭერად კი ხელი არცერთ დეპუტატს არ აუწევია.
მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, პროცედურულად იგი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.
რა იცვლება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში
კანონპროექტით, ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის არის: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, მაუწყებლის შესყიდვები, ბიუჯეტი, კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება.
პროექტის ავტორების აზრით, კომერციული რეკლამის მარეგულირებელი ნორმები ზედმეტად შემზღუდველია და მიზანშეწონილი იქნება, რომ კანონი იძლეოდეს მათი განთავსების ფარგლების გაზრდას.
აღნიშნული ცვლილების წინააღმდეგნი არიან კერძო და რეგიონული ტელევიზიები. მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან ისედაც აქვს გარანტირებული დაფინანსება, სარეკლამო ბაზარზე კიდევ ერთი მოთამაშის შესვლით, კერძო და რეგიონული ტელევიზიები შესაძლოა არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩდნენ.
უნდა ჰქონდეს თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა - დებატები პარლამენტში