მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან ჩართვისას „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ სასამართლოსთან უამრავი ადამიანია შეკრებილი და ასეთ ვითარებაში უკრაინის ხელისუფლება აღარ გარისკავს მის დაპატიმრებას.
„საპატიმროში უკვე ვეღარ ბედავენ, იმდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ახლა რომ დამაპატიმრონ, მთელ ციხეს დაშლიან აგურებად; ახლა სახე რომ შეინარჩუნონ, საშინაო პატიმრობა იქნება. რა თავის აგდებაა, რა საშინაო პატიმრობა?!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ექსტრადიციის შესახებ. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ის მეტ პრობლემას შეუქმნის ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს.
„თუ გამოატანენ, ჩემი თავი შემოევლოს ორ ოლიგარქს, მაგრამ მერე? ახლა იწყება მაგათი თავდავიწყება. აქ ისეთი გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ ვარდების რევოლუცია მაგათთვის მოგონილია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ. მათი თქმით, სააკაშვილი კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიტინგი დაიწყო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორისისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველითაა დაკავებული, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.