სამი ქალი, რომელიც დონალდ ტრამპს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, მოითხოვს, ბრალდებები კონგრესმა შეისწავლოს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრამპს რამდენიმე ქალმა დასდო ბრალი სექსუალურ შევიწროვებაში. მათი თქმით, ტრამპი, სანამ იგი პოლიტიკაში ჩაერთვებოდა, არასასურველ სექსუალურ ქცევას ამჟღავნებდა.
ჯესიკა ლიდზი, რეიჩელ კრუკსი და სამანტა ჰოლვეი ამბობენ, რომ მათი ბრალდებები ყურადსაღებია იმ დისკუსიის ფონზე, რომელიც აშშ-ში სექსუალური შევიწროების საკითხზე მასშტაბურად მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია Brave New Films-მა ვიდეო გადაიღო, სადაც 16 ქალი ტარმპს შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალები ყვებიან, რომ ტრამპი მათ უნებართვოდ ეხებოდა, ხელს ინტიმურ ადგილებზე კიდებდა და კაბისქვეშ უცურებდა.
„კონგრესმა გვერდზე უნდა გადადოს საკუთარი პოლიტიკური განწყობები და ტრამპის არასათანადო სექსუალური ქცევის ისტორია შეისწავლოს" - თქვა კრუკსმა.
ქალები ამბობენ, რომ არ აქვთ ტრამპის გადადგომის მოლოდინი, თუმცა მან საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.
თეთრი სახლი უარყოფს ბრალდებებს, რომელთაგან ზოგიერთი, ქალების თქმით 1980-იან წლებში მოხდა.
NBC NEW-ის ინფორმაციით, 56-მა დემოკრატმა კონგრესმენმა ქალმა სამთავრობო რეფორმათა კომიტეტს ამ ბრალდებების შესწავლის მოთხოვნით მიმართა.
წერილში აღნიშნულია, რომ „ქვეყანა იმსახურებს ამ ბრალდებების სიღრმისეულ გამოძიებას".