პროფესიულმა კავშირებმა სუპერმარკეტში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლა. გაერთიანების მკვლევრებმა გამოკითხეს „ნიკორას“, „ორი ნაბიჯის“, „ფრესკოს“, კარფურის“, „ვეჯინის“, „ევროპროდუქტის“ და „სპარის“ თანამშრომლები.
რესპონდენტების 24% ამბობს, რომ თავის ძირითად საქმესთან ერთად ხშირად უწევს დამატებითი საქმიანობის შესრულება, მაგალითად, დამლაგებლის ფუნქციების შეთავსება.
გამოკითხულთა 41%-ს ხელფასი სხვადასხვა მიზეზით უკავდება და დაკავებული თანხა 122 ლარამდე აღწევს. მაგალითად: თუ თანამშრომელი არ ასრულებს დამატებით საქმეს; თუ სამსახურში აგვიანებს; შესვენებაზე გასვლის დროს; უნიფორმის, მათ შორის კეპის ან „ბეიჯის" არქონის შემთხვევაში. რესპონდენტთა 18% ამბობს, რომ არ იცის დანამდვილებით, რატომ დააკლდა ხელფასი. 59%-ს კი სუპერმარკეტში არსებული დანაკლისის გამო ექვითება ხელფასი. აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტში დასაქმებულთა (მოლარე-კონსულტანტებს) საშუალო ხელფასი დაახლოებით 362 ლარია.
რაც შეეხება შრომით უფლებებს, პროფესიული კავშირების მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია, რომ რესპონდენტების ყოველკვირეული საშუალო დატვირთვა 45 საათია. თანამშრომლების 76%-მდე ზეგანაკვეთურ სამსახურში არანაირ დამატებით შემოსავალს არ იღებს. გამოკითხულთა 80%-ს შრომას არც სადღესასწაულო დღეებში უნაზღაურებენ.
ასევე, პრობლემაა თანამშრომლების მიერ შესვენების დროით სარგებლობა. რესპონდენტების 69% ამბობს, რომ იშვიათად ახერხებს შესვენებაზე გასვლას, 4% კი - საერთოდ ვერ სარგებლობს ამით. ამის მიზეზი ძირითადად ბევრი საქმეა, რის გამოც, მოლარე-კონსულტანტები სამუშაო ადგილს ვერ ტოვებენ.