
დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ ადამიანი არის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ის არის ეშმაკის ზეგავლენის ქვეშ. დეკანოზი აცხადებს, რომ ნარკოტიკების მოხმარება უნდა იყოს დასჯადი. იგი, ასევე, იყენებს ჰომოფობიურ ტერმინოლოგიას:
„ჩვენ ვამბობთ იმას, რომ თუ ადამიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა, ის ეშმაკის ზეგავლენის ქვეშაა. ის არის მადლმოკლებულ მდგომარეობაში. ჩვენი ავტორიტეტი არის წმინდა წერილი, ჩვენი ავტორიტეტი არის წმინდა მამები. უდიდესი მამა წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ადამიანი თუ კი ოდესმე არის ეშმაკის ხელში, ესაა სიმთვრალის დროს. მეორე უდიდესი მამა, წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ მთვრალ ადამიანს წესიერ სახლშიც კი არ შეუშვებენ, არა თუ სასუფეველში. პავლე მოციქული ჩამოთვლის, თუ ვინ ვერ შევა ცათა სასუფელში. ერთ-ერთი ესაა მამათმავლობა და მეორე არის - მემთვრალეობა.
რაც შეეხება იმ საკითხს, უნდა იყოს თუ არა ეს ქმედება დეკრიმინალიზებული, უნდა იყოს თუ არა დასჯადი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დასჯადი, მაგრამ ვინ რა ვადით და ვინ რა სახით უნდა ექვემდებარებოდეს გარკვეულ სანქციებს, ეს ჩვენ არ ხელგვეწიფება“.