
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კოალიცია მხარს არ უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებულ კანონპორექტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესასატან ცვლილებებზე.
„მივესალმებით 2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტი არაერთხელ გახდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო მაუწყებლების მწვავე კრიტიკის საგანი. სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, გულისყურით მოეკიდონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და გაიზიარონ მნიშვნელოვანი შენიშვნები აღნიშნულ კანონპორექტთან დაკავშირებით.
„მიუხედავად წამყვანი კომიტეტის არგუმენტირებული და სამართლიანი პოზიციისა, საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრთა განცხადებით, შესაძლოა კანონპროექტი განხილულ იქნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს, გულისყურით მოეკიდონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას, გაიზიარონ ის მნიშვნელოვანი შენიშვნები რაც არსებობს კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, ისე არასამთავრობო ორგანზიაციების მნიშვნელოვანი ნაწილისა და კერძო მედიასაშუალებების მხრიდან“,-ნათქვამია გავცელებულ განცხადებაში.