„სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე დამარწმუნებელ მიზეზს, რატომ არ ჩამოვიდა 4 ეკლესია კრეტის კრებაზე, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წარდგა,“ - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომე პირველმა „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კრეტის კრებისთვის 50 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ და როცა ყველაფერი მზად იყო კრეტაზე გასამგზავრებლად, მათ ოთხი ეკლესიიდან ჩასვლაზე უარი მიიღეს.
„გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება და ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, 2016 წლის იანვარში დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი. ხელი მოვაწერეთ დიდი კრებისთვის მოსამზადებელ დოკუმენტებს, ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ყველამ ერთად შევარჩიეთ თარიღიც და ადგილიც. ერთი სიტყვით, 50-წლიანი სამზადისის შემდეგ ყველაფერი მზად იყო კრების ჩატარებისთვის. გაიარა თებერვალმა, მარტმა, აპრილმა, თითქმის მაისმა და ამ თვეების განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მოსულა არც ერთი ეკლესიიდან. როდესაც ვემზადებოდით კრეტაზე გასამგზავრებლად, გამგზავრების წინ ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველომ უეცრად განაცხადეს, ჩვენ ვერ ჩამოვალთო. წარმოადგინეს სხვადასხვა არგუმენტი, რომლებიც არ იყო დამარწმუნებელი და მოითხოვეს კრების გადადება. მაგრამ ასე შეიძლება, კრება კიდევ გადადებულიყო. ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა, 2016 წლის დასაწყისში, ვთქვით, რომ ეს იყო ნება ღვთისა და გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა კრება იმ 4 ეკლესიის გარეშე“.
მისი შეფასებით, ამ ოთხმა ეკლესიამ არ სცა პატივი მართლმადიდებლობას და არც თავის ხელმოწერებს ჟენევაში. მსოფლიო პატრიარქი ფიქრობს, რომ მათ უნდა აღიარონ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები.