
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს შეხვედრის დროს „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხზე არ უმსჯელია. მაღლაფერიძის თქმით, მარგველაშვილს გააცნეს ტელეარხის პოზიცია და კანონპროექტის არსი. მისი აზრით, კომერციული რეკლამის განთვსების უფლებით საზმაუ მედიაბაზარზე უთანასწორო მდგომარეობას არ შექმნის.
„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი საქმიანი შეხვედრები, მით უფრო ბევრი ადამიანი გაეცნობა რეალურ ვითარებას. ტრაგიკულად ნუ დახატავთ ვითარებას, რომ ვინმეს საარსებო წყაროს ვართმევთ. მედიაპლურალიზმი ყველას მონაპოვარია და თითოეული მოქალაქისთვის არის აუცილებელი“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ასევე, მაღლაფერიძის თქმით, მათი მოთხოვნაა არა ყველაფრის გათავისუფლება ტენდერებისგან, არამედ მხოლოდ შემოქმედებითი პროდუქციის. „ჩვენ ვითხოვთ არა შესყიდვებისგან გათავისუფლებას, არამედ შემოქმედებითი პროდუქციის გაყიდვის გათავისუფლებას ტენდერებისგან. გადაცემას და ფილმს არ უნდა ვიძენდეთ ისე, როგორც ცემენტსა და კონდიციონერს. ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ საქართველო 2019 წელს მთლიანად თავისუფლდება ამ ტიპის პროდუქციის ტენდერებისგან“, - თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.