საქართველოს პარლამენტმა დეპუტატებისთვის ეთიკის კოდექსის პროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიცაა დაადგინოს პარლამენტის წევრების მაღალი ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პარლამენტის წევრების მიერ მათი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას.
კოდექსის პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრი ზრუნავს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე და პატივს სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
ასევე, პარლამენტის წევრი თავისი ქმედებით უფრთხილდება ქვეყნის იმიჯს და ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
თანასწორობასთან დაკავშირებით პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და აღიარებს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის.
პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს, არ იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია, რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიისა თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ.
რაც შეეხება ქცევის წესებს, პროექტში ამ კუთხით არსებული ჩამონათვალის მიხედვით, პარლამენტის წევრი ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში;
ასევე, პარლამენტის წევრმა თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია/გამორჩევა რასის, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით;
პარლამენტის წევრმა პატივისცემით უნდა მიმართოს პარლამენტის სხვა წევრებსა და მოქალაქეებს. მან უნდა გამოიყენოს კორექტული ლექსიკა მოქალაქეებთან ურთიერთობის, საჯარო გამოსვლებისა და საპარლამენტო დებატების დროს;
პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება;
ეთიკის საბჭო
კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე განიხილავს ეთიკის საბჭო.
საჩივრის სპეციალური ფორმა კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება შეიტანოს პარლამენტის წევრმა/ებმა და პირმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ამ კოდექსის ნორმები;
განხილვის პროცესში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია, მოიძიოს მტკიცებულებები და გამოითხოვოს საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო ინფორმაცია; პარლამენტის წევრი ვალდებულია, ითანამშრომლოს ეთიკის საბჭოსა და პარლამენტის სხვა შესაბამის სუბიექტებთან და სრულად და ობიექტურად მიაწოდოს მათ მის ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაცია;
დისციპლინური სანქციები შეიძლება იყოს:
- სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება
- ხელფასის დაკავება (ხელფასის 10%-დან მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით)
- ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში)
ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება პარლამენტის იმ წევრების სახელები, რომლებმაც დაარღვიეს ეთიკის კოდექსი, დარღვევის მცირე აღწერით და დისციპლინური სანქციის მითითებით;
თუ ეთიკის საბჭო დაადგენს, რომ კოდექსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, პარლამენტის წევრის სახელი და გვარი და შემთხვევის მოკლე აღწერა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ დეპუტატის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო განმცხადებელს ეცნობება საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.
საქართველოს პარლამენტი ყოველი ახალი მოწვევის დეპუტატებისთვის უზრუნველყოფს ტრენინგს ეთიკის კოდექსის გაცნობის მიზნით.
დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტში აღნიშნულია, რომ გარდა ეთიკის კოდექსის ნორმების შესაძლო დარღვევისას ფინანსური სანქციების შესაძლო გამოყენების გავლენისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვაზე, ეთიკის საბჭოს სამდივნოს შექმნას შესაძლოა ასევე ჰქონდეს გავლენა პარლამენტის ბიუჯეტზე: კერძოდ, დადგენილების პროექტის მიღებით, სამდივნოსათვის საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა განისაზღვროს საშუალოდ 3 ერთეულით, რაც უკავშირდება საშუალოდ 80 ათასი ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურების მუხლით ხარჯებს, გარდა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებისა. რაც შეეხება ტრენინგის ხარჯებს, აღნიშნული დაფინანსდება პარლამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.