Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტი - პროფესიული თემის შენიშვნები

20 დეკემბერი, 2017 17:58

19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას პროფესიული თემისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის ინიციატივა მისასალმებელია სოციალური მუშაკებისთვის, თუმცა კანონპროექტის სამუშაო ვერსია პროფესიული თემის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. მათი თქმით, სოციალური მუშაკები ჩართულნი არ იყვნენ სამუშაო პროცესში, რაც დოკუმენტზეც აისახა. 

„კანონპროექტში ასეთი კრიტიკული ასპექტები არ იქნებოდა და ნაკლებ დროს დავხარჯავდით შემდგომ პროცესში და ეს საწყენია. რადგან დეპუტატებს არ ესმით, რა არის თანამონაწილეობითი პროცესი, ამის გამო პროცესი უფრო გახანგრძლივდება, ვიდრე შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული თემი მოამზადებდა კონცეფციას“, - ამბობს „სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი

კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის თანამშრომლები და მოწვეული ექსპერტები. 

„დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით მომზადებული კანონპროექტის“ ძირითადი მიზნებია ინდივიდზე ორიენტირებული სოციალური მუშაობა და ინდივიდის მდგრადი ინტეგრაცია; ოჯახის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; სოციალური უსაფრთხოების გაზრდა; ადამიანის უფლებების დაცვის მყარი მექანიზმების უზრუნველყოფა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, რეფორმა დაახლოებით 5 წელზე იქნება გათვლილი. 

„რათა ეტაპობრივად მოხდეს სოციალური მუშაკების გადამზადება, ეტაპობრივად გაძლიერდეს და დაიხვეწოს ის მიმართულებები, რომელიც კანონქვემდებარე აქტების დონეზე იქნება  ჩაშლილი სხვადასხვა სამინისტროს მხრიდან”, – ამბობს სოფიო კილაძე 

„კანონპროექტზე მუშაობა ყველა მხარის ჩართულობით მიმდინარეობდა. ესენი იყვნენ ექსპერტები საქართველოში და, ასევე, გერმანელი ექსპერტები. ამ კანონპროექტში გათვალისწინებულია ყველა ის შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც გამოთქმული იყო საქართველოში. ის პრობლემები, რომლებზეც ზრუნავს დღეს მთელი საზოგადოება, მაგალითად, ეს არის სოციალური მუშაკების უსაფრთხოების საკითხები, დეცენტრალიზაციის პრობლემა, წინ წამოწეულია ასევე სპეციალიზაციის თემა და უკეთესი კვალიფიკაცია სოციალური მუშაკებისთვის, მნიშვნელოვანია ასევე, რომ სოციალური მუშაკის პროფესია გაძლიერდეს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ექსპერტმა, ანა ფირცხალაშვილმა, რომელიც კანონპროექტზე მუშაობდა.  

კანონპროექტი ადგენს დარგობრივ სპეციალიზაციას, თუმცა ფირცხალაშვილის თქმით, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. პროექტის სამუშაო ვერსია ასევე ითვალისწინებს სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების შექმნასაც. 

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, თუ როგორ განისაზღვრება სოციალური მუშაკის დატვირთვა, სოფიო კილაძე პასუხობს, რომ ერთი სოციალური მუშაკი დაახლოებით 50 ქეისზე იმუშავებს, ასევე სატრანსპორტო ხარჯიც აღარ იქნება ხელფასზე მიბმული. 

„როდესაც ვსაუბრობთ 5 წელზე, ერთ-ერთ მიმართულებად ამას ვიტოვებთ სწორად, რომ  უცებ სოციალური მუშაკის რაოდნეობის გაზრდა ვერ მოხერხდება, იმიტომ, რომ ფიზიკურად არ არის ქვეყანაში ამდენი სოციალური მუშაკი, რომ ჩვენ იმ სტანდარტს მივაღწიოთ, რომელიც აუცილებელია. ჩვენ ვგეგმავთ „ფრიდრიხ ებერტის ფონდთან“ ერთად და სხვა დაინტერესებულ ფონდებთან ერთად, რომ ვაწარმოოთ შესაბამისი კამპანიები, მოვიზიდოთ ადამიანები ამ პროფესიისთვის და გავზარდოთ ამის მეშვეობით სოციალური მუშაკების რაოდენობა“, - ამბობს კილაძე 

თსუ-ის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის თუნდაც სამუშაო ვერსიის შექმნის პროცესში აქტიურად უნდა ყოფილიყვნენ ჩართული სოციალური მუშაკები, როგორც აკადემიური სივრციდან, ასევე პრაქტიკოსები.

„დაიწყო ეს პროცესი. საბედნიეროდ, ჩვენ უკვე გავხდით ამ პროცესის ნაწილი და თუ ეს გაღრმავდება, იქნება ძალიან კარგი. ბევრი დეტალია. ახლა ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არც გვქონდა შესაძლებლობა სამუშო ვარიანტი გვენახა ამ კანონის. ჩვენი ბევრი თხოვნის მიუხედავად, პარლამენტიდან ეს კანონი არ გადმოგვიგზავნეს, არც ვიცით დეტალები. ახლა მხოლოდ მოვისმინეთ ის პრინციპები, რაც ამ კანონში შეიძლება ჩაიდოს. ამ პრინციპებს ნამდვილად სჭირდება რევიზია და თუ ამ რევიზიის პროცესში პროფესიული თემი აქტიურად იქნება ჩართული, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი 

ნინო შატბერაშვილის თქმით, როდესაც სოციალური მუშაობის პროფესიის შესახებ კანონის მომზადება იგეგმება, მნიშვნელოვანია, პროცესში თავიდანვე ჩაერთონ სფეროს ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე აკადემიური სფეროდან

„პროფესიაზე კანონი არ შეიძლება, მხოლოდ იურისტებმა მოამზადონ. იურისტებმა სამართლებრივი მექანიზმი უნდა გაწერონ სფეროს ექსპერტების მიერ მომზადებული კონცეფციის საფუძველზე. საწყენია, ჯანსაღ კანონშემოქმედებით პროცესზე განსხვავებული შეხედულებები რომ გვაქვს“, - ამბობს შატბერაშვილი

ნინო შატბერაშვილის თქმით, შეხვედრის მეორე ნაწილი დისკრიმინაციული იყო. კრიტიკული აზრის გამოთქმისას კომიტეტის თავმჯდომარე რეგლამენტზე მიუთითებდა, ხოლო ადამიანებს შერჩევითი პრინციპით აძლევდა საუბრის საშუალებას. სოცმუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე კანონპროექტის ხარვეზებზეც საუბრობს: 

„კრიტიკას ნამდვილად ვერ უძლებს სპეციალიზაციის საკითხი, როგორც არის წარმოდგენილი, საერთოდ გაუგებარია, პროფესიული პრინციპები და ფუნქციები როგორც არის წარმოდგენილი, ნამდვილად ვერ უძლებს კრიტიკას და უამრავი ბუნდოვანი ასპექტია - მაგალითად, სპეციალიზაცია, რომელიც ძალიან საფრთხილო თემაა, განსაზღვრული არის უწყებების მიხედვით, ეს წარმოუდგენელია, ან სფეროების მიხედვით იყოს, ან სამიზნე ჯგუფების მიხედვით. ეს გაუგონარია, რომ უწყებების მიხედვით გააკეთონ სპეციალიზაცია“, - ამბობს ნინო შატბერაშვილი

ნინო შატბერაშვილის თქმით კანონპროექტში ასევე ბუნდოვანია რეგულირების პროცესი, სერტიფიცირებისა და უწყვეტი განათლების საკითხი.

„ახალი სსიპ-ი, რაც იქმნება, თავისთავად ძალიან საინტერესო იდეაა, მაგრამ ბუნდოვანია, თუ ვინ, რატომ, რა კომპეტენციის ხალხი, რა ფუნქციებით არის და კარგი იქნება, ამაზე სამომავლოდ რომ ვისაუბროთ“, - ამბობს ნინო შატბერაშვილი 

სოფიო კილაძის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრა დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება და დოკუმენტს უფრო დეტალურად განიხილავენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^