Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩემნაირი ადამიანისთვის დასაქმების შანსი ნულია“ - როგორ მოქმედებს ნასამართლეობა დასაქმებაზე

20 დეკემბერი, 2017 15:01
ილუსტრაცია: რუსლან ბერიძე

სამსახურიდან გათავისუფლება ან  მიღებაზე უარის თქმა ნასამართლეობის სტატუსის გამო; საზოგადოების უნდობლობა და უმუშევრობა, როგორც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მიზეზი - ამ და სხვა მსგავს თემებს მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში „დასაქმების ბაზრის კვლევა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა პროფესიული შესაძლებლობები და საჭიროებები“.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, ნასამართლეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს სამსახურის პოვნაზე ან უკვე არსებულის შენარჩუნებაზე. თუ გასამართლებამდე /განრიდების პროგრამაში ჩართვამდე რესპონდენტების უმუშევრობის მაჩვენებელი 26,9% იყო, ნასამართლეობის სტატუსის მიღების შემდეგ უმუშევართა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 45,6%-ია.

„მე უკვე მეორედ ვზივარ ციხეში. მუშაობა მინდოდა. სად აღარ მივედი, მაგრამ ნასამართლეობის გამო არ ამიყვანეს. დასაქმების შანსი ნულამდეა ჩვენნაირებისთვის“, - აღნიშნავს კვლევის დროს გამოკითხული ერთ-ერთი ბენეფიციარი.

კვლევის თანახმად, ნასამართლეობის სტატუსი მხოლოდ დასაქმებაზე კი არა, დაკავებულ პოზიციაზეც ახდენს გავლენას. თუკი ამ სტატუსამდე დასაქმებული  რესპონდენტების  18% მენეჯერულ პოზიციებზე იყო, ახლა ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია( 9,5%).

ბენეფიციარები აცხადებენ, რომ საზოგადოება ნასამართლევ პირებს ნაკლებად ენდობა და ცდილობს, მათთან საქმიან ურთიერთობას თავი აარიდოს. ისინი უმუშევრობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ მათდამი უნდობლობას ასახელებენ. ამავე მიზეზზე საუბრობს გამოკითხულ დამსაქმებელთა დიდი ნაწილიც. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელთა ასეთი დამოკიდებულება სტერეოტიპული განწყობის ბრალი უფრო შეიძლება იყოს, ვიდრე პირადი ცუდი გამოცდილების. გამოკითხულ დასაქმებულთა 7%-ს ნასამართლევ პირებთან საქმიანი ურთერთობა აქვს და ისინი მათ მიმართ უფრო ლოიალური არიან, ვიდრე ისინი, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება ნასამართლევ ადამიანთან.

„ბარიერი მაქვს, უკვე მგონია, რომ არავინ ამიყვანს სამსახურში, თუ გაიგებენ, რომ პირობითი მაქვს. რომც ვიცოდე, რომ ნამდვილად აქვთ ადგილი, მეუბნებიან, რომ უკვე აიყვანეს ვიღაც. ყველა ერიდება ჩემნაირის დასაქმებას. არადა, ზუსტად ვიცი, სამსახური რომ დავიწყო, უფრო სანდო ვარ, პირობითი სასჯელი მაქვს და სხვაზე მეტად მე მეშინია, რამე არ გავაფუჭო“, - აღნიშნავს პირობითი სასჯელის მქონე პირი. 

უმუშევრობის კიდევ ერთი მიზეზი პროფესიის არქონაა. 14,7% ამბობს, რომ სწორედ ეს იყო სამსახურის ვერპოვნის მიზეზი. გამოკითხულ დამსაქმებელთა 25% კი აღნიშნავს, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის სამსახურში მიღებას სწორედ პროფესიისა და კვალიფიკაციის არქონის გამო ერიდებიან.

„კვლევამ აჩვენა, რომ პროფესიულთან ერთად, სამუშაოზე აყვანისთვის კანდიდატს აუცილებელია ჰქონდეს ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც არაფორმალური განათლების საშუალებით მიიღწევა. მათ შორის, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, უცხო ენის ცოდნა, საქმიანი მიმოწერის, საკუთარი თავის პრეზენტაციისა და მეწარმეობის უნარი. ბენეფიციარები თავადაც თვლიან, რომ ამ ტიპის უნარების გაძლიერება მათი დასაქმების შანსს ზრდის“,- ვკითხულობთ კვლევაში.

ბენეფიციარები დადებითად ასახელებენ ყველა იმ პროგრამას, რომელიც შრომითი და სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით არსებობს. მათი 42,9%-ისთვის ყველაზე სასურველი მოკლევადიანი, 1-2-კვირიანი ტრენინგია, ხოლო 48,7%-ისთვის - 6 თვემდე ხანგრძლივობის კურსები სხვადახვა ხელობისა და სოფლის მეურნეობის დარგების შესასწავლად. მოკლევადიანი კურსების გავლის მსურველებს ყველაზე მეტად კომპიუტერული პროგრამების შესწავლა უნდათ (88%).

 „დასაქმების მიმართულებით კვლევის ფარგლებში საქმიანობის რამდენიმე ძირითადი სფერო გამოიკვეთა. პირველ ადგილზე დასახელდა კერძო ბიზნესი: მონაწილეთა 39,6% ისურვებდა მცირე ბიზნესის წამოწყებას, ხოლო 30% - სხვასთან დასაქმებას. მეორე ადგილზეა საკუთარი სასოფლო და ფერმერული მეურნეობის განვითარება (13,5%).  დასაქმების ყველაზე მაღალ შანსად გამოკითხულთა 27,5% სოფლის მეურნეობის სფეროს ასახელებს“.

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების ცოდნას დამსაქმებლებიც საჭიროდ მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ 3-4 წელიწადში სოფლის მეურნეობა განვითარდება და მათ დასჭირდებათ სოციალური უნარებით აღჭურვილი კადრები ისეთ პროფესიებში, როგორიცაა: ვეტერინარია, ნიადაგმცოდნეობა, მემცენარეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და სხვა.

კვლევის შედეგების მიხედვით, უმუშევრობა განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მიზეზია. გამოკითხულთა 67,8%-ს აქვს დასაქმების გამოცდილება გასამართლებამდე/განრიდების პროგრამაში ჩართვამდე. თუმცა მათმა ნახევარმა გასამართლების შემდეგ სამსახური დაკარგა, შემცირდა მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი და ეს უარყოფითად აისახა ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.  22% განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მიზეზად სამსახურის არქონას ასახელებს, ხოლო 19% - ეკონომიკურ მდგომარეობას.

„თუ შეიქმნება იმის წინაპირობა, რომ ბენეფიციარები გადამზადდებიან ზუსტად იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებსაც უყენებს დამსაქმებელი სამუშაოს მაძიებელს, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მათი დასაქმების მიმართულებით. აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ გვიდასტურებს მოსაზრებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარებს მივცემთ შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია ან შეიძინონ ბაზარზე მოთხოვნადი პროფესია, გაიზრდება მათი დასაქმების/თვითდასაქმების შესაძლებლობები“.

აღსანიშნავია, რომ ნასამართლეობის შემდეგ გამოკითხულ პირებს განათლების მიღებაზეც  ექმნებათ პრობლემა. გამოკითხულთა 16% ამბობს, რომ გასამართლებამდე უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. თუმცა ამჟამად  9,7% აგრძელებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლას, ხოლო 2,8% ახალ პროფესიას ეუფლება სასწავლებელში. ისინი, ვინც სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა, მიზეზად გრანტის შეწყვეტას, ფულის არქონას, სასწავლებლის პედაგოგებისა და სტუდენტების უარყოფით დამოკიდებულებას, სწავლის გაგრძელების სურვილის არქონას და ინტერესის დაკარგვას ასახელებენ.

„სიდას“ მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 291 რესპონდენტმა მიიღო. მათ შორის არიან #5, #16 და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები, ყოფილი მსჯავრდებულები, პირობითი მსჯავრის მქონე პირები და განრიდებულები. მათი ასაკი 14-დან 60 წლამდეა.

რაც შეეხება დასაქმების ბაზრის კვლევას, მასში მონაწილეობა 115-მა ბიზნესორგანიზაციამ მიიღო. რაოდენობრივ კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ  4 რეგიონის ადგილობრივი საჯარო სამსახურები (საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი, მუნიციპალიტეტის წყალკანალი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება და ა.შ.) 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^