„მოზარდებში ძალადობის პრევენცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს არ არის ერთი უწყების საქმე“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის, საზოგადოების, განათლების სისტემისა და ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელი ამოცანა.
„მაგრამ ცხადია, პასუხისმგებლობის ისრებს ვერ გადავიტანთ ვერავისზე. მთავარი პასუხისმგებელი აქ ხელისუფლებაა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სპეციალური ღონისძიებები და იმედი გვაქვს, თვისობრივად შევცვლით სიტუაციას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.