გორის მერიის შენობაში ახალგაზრდა კაცმა, ვიტალი გამხუაშვილმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა და ვენა გადაიჭრა. ინფორმაციას პირდაპირ ეთერში ავრცელებს „რადიო თავისუფლება“. მისი კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე იყვნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მაშინვე შენიშნეს მამაკაცი და მკლავზე ქამარი გადაუჭირეს, რომ სისხლდენა შეეჩერებინათ. მოგვიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამხუაშვილის მეზობლისა და ახლობლის ინფორმაციით, მან ეს პროტესტის ნიშნად გააკეთა, რადგან ის ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და მერიამ ბინის მიცემაზე უარი უთხრა.
ამავეს ამბობს გამხუაშვილის მეუღლე, შორენა გელაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალი პირები არიან. ის ამბობს, რომ მათი სახლი ინგრევა, ჭერი არ აქვს და შიგნით და გარეთ ერთნაირად წვიმს. გორის მერიამ კი მათ ბინაზე უარი უთხრა. გელაშვილის თქმით, მისი მეუღლე ონკოლოგიური პაციენტია.
„დამტოვეს უბინაოდ. როგორც გარეთ წვიმს, ისე - შიგნით. არც შეშა მაქვს, არც გათბობა. ბავშვები სიცივეში მყავს. 2 ოთახი მომცეს, რომ ბავშვები შევიყვანო. ჩემი მეუღლე ონკოლოგიური ავადმყოფია და ქიმიაზეა. მე ბავშვობიდან ეპილეფსია მჭირს და ასეა ჩემი შვილიც. ჩვენ პირველ სიაში ვიყავით, მეორიდან კი ამოგვიღეს, თქვენი მეუღლის სახელზე ქონება ფიქსირდებაო. მაგას ქონებას ეძახიან, დაინგრა სახლი“, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას ვიტალი გამხუაშვილის მეუღლე, შორენა გელაშვილი .
როგორც ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განუცხადა, ისინი ბინას იმ ადამიანებს აძლევენ, ვისაც ალტერნატიული ფართი არ აქვთ.
ამასთან, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალი პირი არა გამხუაშვილი, არამედ მისი მეუღლე შორენა გელაშვილია. მისი თქმით, ამჟამად ისინი გელაშვილის მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრობენ.
„ისინი მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრობენ. ჩვენ კი ისეთ ოჯახებს ვაძლევთ ბინას, რომლებსაც ალტერნატიული ფართი არ აქვთ. მისთვის რომ ბინა მიგვეცა, მაშინ იქნებოდა ლეგიტიმური პროტესტი, რატომ მივეცით არადევნილ პირს ბინა, რომელსაც აქვს სხვა ფართი“,- აცხადებს გრიგოლ გიორგაძე.
გორის მერიაში პროტესტს გამოთქვამდნენ სხვა პირებიც, რომლებიც ასევე ბინის გარეშე დარჩნენ. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ისინი ინდივიდუალურად შეხვდებიან ოჯახებს. ის არ გამორიცხავს, რომ კომისია რიგ შემთხვევებში შეცდა, ამიტომ შედგენილი სიები კიდევ ერთხელ გადამოწმდება.
„ჩვენს პრაქტიკაში ბევრი გადაწყვეტილება შეცვლილა და სწორედ ამიტომ ვმართავთ ჩვენ ამ შევხედრებს, რომ ინდივიდუალურად შევხვდეთ ყველა ადამიანს“.
გორში იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის მრავალსართულიანი კორპუსები აშენდა. ბინებს სპეციალური კომისია ანაწილებს. სწორედ განაწილების პროცესი გახდა პროტესტის მიზეზი.