პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში განმარტავს, რომ ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და პრემიერ-მინისტრის წინადადებაზე ფართომასშტაბიანი მსჯელობა გაიმართება. თუმცა ჯაში ამბობს, რომ რეფორმის ავტორები და ინიციატორები მაქსიმალურად ეცდებიან სტანდარტის შენარჩუნებას.
„ბოლო რამდენიმე წელში გვქონდა მნიშვნელოვანი ისტორიული ცვლილება ადრეული ასაკის განათლების სისტემაში. უფასო საბავშვო ბაღების ხარისხობრივმა გაუმჯობესებამ გამოიწვია საბავშვო ბაღებზე მოთხოვნის გაზრდა, რაც ბუნებრივია, უკავშირდება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მზარდ ფინანსურ მოთხოვნებსაც. მეორე ფაქტორი გახლავთ, ის, რომ საბავშო ბაღების რეფორმის პარალელურად, კერძო საბავშვო ბაღებიდან მოხდა ბავშვების გადაყვანა საჯარო ბაღებში, რამაც დამატებითი ფინანსების სჭიროებაც გააჩინა. მესამე, ჩვენზე ძლიერ ბევრ ქვეყანაშიც არ არსებობს ის ფუფუნება, რაც აქვთ ჩვენს მშობლებს და ბავშვებს, თუმცა, მე მომხრე ვარ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ის სტანდარტი, რაც დანერგილია. ამ ეტაპისთვის მინდა დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, პრემიერ -მინისტრის მოსაზრებაზე გვექნება ფართომასშტაბიანი მსჯელობა, მაგრამ, რეფორმის როგორც ავტორები, ასევე ინიციატორები, მაქსიმალურად ეცდებიან სტანდარტის შენარჩუნებას”,- განუცხადა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვაუჩერული სისტემა ერთ-ერთი ალტერნატივაა, მაგრამ მასაც აქვს თავის რისკები, რის გამოც ის თავის დროზე არ გაიზიარეს.
პარლამენტის გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „გარკვეული ტიპის ოჯახებისათვის, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახი გადაიხადონ“. მან განმარტა, რომ ეს მისი „ნედლი იდეაა“, რომელზეც მთავრობა მსჯელობს და ამ პროცესში სხვა მხარეებიც უნდა ჩაერთონ.
„კატასტროფულად იზრდება მოთხოვნა ფინანსურ რესურსზე მუნიციპალიტეტებში. ბიუჯეტი ამ მზარდ დანახარჯებს ძალიან რთულად აუდის. არ ვიცი, არ მაქვს რეცეპტი. არის რამდენიმე ვერსია, რაც შეიძლება განვიხილოთ. ამას შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გამოვნახავთ გზას, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, მაგრამ მეორე მხრივ, მოვნახოთ მექანიზმები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ თუნდაც ძალიან შეძლებული ადამიანებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, შესაძლოა, იყოს უფრო მაღალი ბარიერი - ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისათვის, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახი გადაიხადონ! ეს არის ჩემი ძალიან ნედლი აზრი, რომელსაც ჩვენ მთავრობაში ვიხილავთ, გარკვეული წინასწარი მსჯელობა გვქონდა. მინდა გთხოვოთ, ჩაერთოთ მსჯელობაში როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე არ არის გამორიცხული, იყოს ოპოზიციის აქტიური მონაწილეობა. ვიპოვოთ ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა“,- განაცხადა პრემიერმა.