ყველაზე დაუნდობლად წინასწარი დაკავების იზოლატორში გავილახე, - ამის შესახებ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულმა ზვიად რატიანმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ბრალდებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა გათავისუფლების შემდეგ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის დეტალები გაიხსენა. რატიანი ჰყვება, რომ სამართალდამცველებმა მისი დაკავების შემდეგ დიღმის მასივში მთავარ სამმართველოში მიიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„თვითონ ამბავი ძნელი მოსაყოლია, რადგანაც ჩემთვის არანაირი ლოგიკა არაა ამ ამბავში. როგორც დღეს გავიგე, საპოლიციო კონტროლი ყოფილა და მეც გადამამოწმეს. თუმცა, იყვნენ აგრესიულები, მესაუბრებოდნენ ცუდად, ჩამტენეს მანქანაში. სულელურად კი ჟღერს, მაგრამ ახსენებდნენ ქურთუკს და მეუბნებიოდნენ - ეს რა ფერია, რა გაცვია ბიჭოო. რამდენიმე საათი გაგრძელდა ჩემი მანქანით ტარება აქეთ-იქით. მირტყამდნენ განუწყვეტლივ. წამიყვანეს განყოფილებაში. იქ გააფორმეს, რომ მე თურმე მქონდა დაზიანებები და ქუჩაში ვიყავი ამ დაზიანებებით და ვიგინებოდი. ყველაზე დაუნდობლად აქ გავილახე. სადღაც ათზე მეტი დაზიანება დააფიქსირა ექიმმა”, - აღნიშნა ზვიად რატიანმა.
ფოტო: IPN