„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, ვფიქრობ, რომ უტიფრული განცხადებაა, იმის ფონზე თუ როგორ აწამეს, როგორ იძალადეს პოეტ ზვიად რატიანზე", - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ ზვიად რატიანთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს 7-8 კაცი გამოჩნდეს, გვაჩვენონ, ვინ არიან, ვიცოდეთ ეს მოძალადეები, ვიცოდეთ სახეებზე, მათი სახელები და გვარები ვიცოდეთ, რომ მომავალში ავიცილოთ მსგავსი უბედურება, რადგან ეს მოძალადეები გააგრძელებენ კვლავაც ძალადობას, როგორც ყოველთვის ასე ყოფილა საქართველოში", - განაცხადა ბუღაძემ.
მისი თქმით, სრულიად გაუგონარი ფაქტი მოხდა.
„ძალიან გთხოვთ, ნუ გვაშანტაჟებთ, ნუ აშანტაჟებთ ზვიად რატიანს უაზრო ჩანაწერებით, ის ჩანაწერები გვაჩვენეთ, სადაც მას სცემდნენ და აწამებდნენ. ფაქტობრივად სიკვდილს არის დაგარჩენილი", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
„ვიდეომასალიდან ასევე ნათლად ჩანს, რომ ზვიად რატიანი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას", - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შსს-ს აქვს აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალა, თუმცა ამ ეტაპზე სწორად არ მიაჩნიათ, საჯაროდ გამოიტანონ „უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი".