საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობას ეხმაურება.
„შეძრული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ნიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას. მიმაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს“,- წერს სააკაშვილი facebook პოსტში.
დღეს, მესტიის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან”, ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც მესტიის საკრებულოს ცხელ ხაზზე „ლიბერალს“ განუცხადეს, მას მეზობელმა ესროლა. დაჭრილი ნიგურიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.