სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა.
სუსის ადმინისტრაციის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, სპეცოპერაციები დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონში ჩატარდა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.
თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.“ - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
გიორგობიანის თქმით, აჰმედ ჩატაევი თანამზრახველებთან ერთად საქართველოსა და თურქეთში ტერორისტულ აქტებს, მათ შორის, დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებებისა და 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი.
დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - განაცხადა სუსში ჩატარებულ ბრიფინგზე ნინო გიორგობიანმა.