შინაგან საქმეთა სამინისტრო ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში, ჩხრეკის დროს 31 წლის თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ამით სამინისტრო ამჟღავნებს პაციენტის დიაგნოზს, პერსონალურ ინფორმაციას. ამ ფაქტთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომენტარს და პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
უწყების განცხადებით, პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შენგელაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან, ამ ეტაპზე არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებასთან ერთად აქვეყნებს მათი თქმით, ჩხრეკის ამსახველ ვიდეომასალას.
reginfo.ge-ს ინფორმაციით, 31 წლის თინათინ შენგელია ქალი ცუდად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.
„პოლიციელები სახლის მეორე სართულზეც იყვნენ ასულები, სადაც ჩემი ძმა, რძალი და 1 წლის ბავშვი ცხოვრობენ. ისინიც წამოყარეს და იქაც ეძებდნენ. ჩემი რძალი შიშისგან ავად გახდა, დავარდა და ფეხზე ვეღარ ადგა. ბავშვი ტიროდა. ვიდრე ჩვენ რძლის მოსულიერებას ვცდილობდით, პოლიციელები იცინოდნენ. ამბობდნენ, რომ ჩემი რძალი ავადმყოფობას იგონებდა.
ჩხრეკა ნახევარ საათს გაგრძელდა. ჩვენებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მე პოლიციაში წამიყვანეს, ოქმს ხელი უნდა მოაწეროო. იქ გავიგე, რომ ჩხრეკის ორდერი მამაჩემისთვის უჩვენებიათ, როცა სახლის ეზოში შემოსულან, მშობლებს უკვე ეღვიძათ. სახლში როცა დავბრუნდი, სასწრაფოს ჩემი რძალი ახმეტის საავადმყოფოში გადაჰყავდა, იქიდან კი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. ექიმებმა გვითხრეს, რომ მდგომარეობა მძიმეა, თავში კაპილარი აქვს გაწყვეტილი, რამაც სისხლის გაჟონვა გამოიწვია. გადარჩება თუ არა, არვიცით“, - უთხრა „რეგინფოს“ დაშავებული ქალის მაზლმა დავით ხოსიაშვილმა.
შენიშვნა: მასალა ჩასწორებულია, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს.