პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს-ს მიერ ქისტაურში ჩხრეკისას შეუძლოდ გამხდარი ქალის დიაგნოზის გაამჟღავნების შესახებ „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება და მისი გასაჯაროება პირის თანხმობის გარეშე დაუშვებელია. აღნიშნულ საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი შეისწავლის.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სამედიცინო დიაგნოზი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება. კანონი საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს ასეთი ინფორმაციის დაცვისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროების პირის თანხმობის გარეშე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა და შესაბამისად, სამართლებრივ შეფასებას პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ინსპექტირების ფარგლებში დეტალურად იქნება გამოკვლეული დიაგნოზის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძვლები, მიზანი, ასევე კანონით დადგენილი პრინციპების დაცულობა“,- განუცხადა „ლიბერალს“ ინსპექტორმა.