რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელს, ალექსეი ნავალნის კანდიდატურის წარდგენა 2018 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურად აუკრძალეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ნავალნი არჩევნებში მონაწილეობას მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით აღძრული საქმის გამო ვერ შეძლებს. თავად ნავალნი კი გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ალექსეი ნავალნიმ მხარდამჭერებს მიმართა, რომ მარტში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. 41 წლის ნავალნი პუტინის ერთადერთ რეალურ კონკურენტად მოიაზრებოდა.
„ჩვენ არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ. ამ პროცედურას, რაზეც გვპატიჟებენ, არჩევნები არ შეიძლება ეწოდოს“, - თქვა ნავალნიმ საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილების შემდეგ და დაამატა, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს დაიწყებს.
ნავალნი 2017 წლის თებერვალში კიროვში სასამართლომ სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მითვისების საფუძველზე დამნაშავედ ცნო. სწორედ ამის გამო ბლოკავს მის კანდიდატურას საარჩევნო კომისია. კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განმარტა, რომ რუსეთის ცესკომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კანონმდებლობიდან გამომდინარე მიიღო და ნავალნისთვის გამონაკლისს ვერ დაუშვებდნენ.