ელექტროენერგიის ტარიფი თბილისისა და რეგიონების მოსახლეობისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან იზრდება. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ამ დადგენილებებს დღეს მხარი ერთხმად დაუჭირა. დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც კომპანია თელასი ოპერირებს, ტარიფი 1.5635 თეთრით იზრდება. რეგიონების მოსახლეობისთვის, რომელიც „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებელია - 1.28 თეთრით.
სემეკში მოთხოვნა ტარიფების მატების შესახებ კომპანიებმა თელასმა და „ენერგო პრო ჯორჯიამ“ შეიტანეს. თუმცა თელასის კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ნათაძე ამბობს, რომ კომპანია სემეკის გადაწყვეტილებას სრულად არ ეთანხმება. ნათაძის განმარტებით, გაზრდილი ტარიფი იძლევა საშუალებას, სტაბილური ენერგომომარაგებისა, მაგრამ კომპანიას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.
თელასის სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის ასეთი იქნება:
პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით)
მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი; ახალი ტარიფი 14.5435 თეთრი
მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ)
მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრი; ახალი ტარიფი 18.5555 თეთრი
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი)
მოქმედი ტარიფი 21.476 თეთრი, ახალი ტარიფი 23.0395 თეთრი
რეგიონების მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა:
პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით)
მოქმედი ტარიფი 12.954 თეთრი; ახალი ტარიფი 14.23666 თეთრი
მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ)
მოქმედი ტარიფი 16.931 თეთრი; ახალი ტარიფი 18.21366 თეთრი
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი)
მოქმედი ტარიფი 21.450 თეთრი, ახალი ტარიფი 22.73266 თეთრი
ელექტროენერგიის ტარიფები გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. გაზრდილი ტარიფი ძალაში 2020 წლის ბოლომდე დარჩება.