
შემოქმედებითი მოძრაობა „ტალღა“ 31 დეკემბერს 00:00 საათზე სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებასთან სოლიდარობის კონცერტს გამართავს.
„კონცერტი არ ატარებს საპროტესტო ხასიათს. ეს არის სოლიდარობის აქცია ადამიანებისადმი, რომლებიც სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის გამო საახალწლო დღესასწაულს ოჯახისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვერ ხვდება“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და აღნიშნავენ, რომ პატიმრების გარდა სოლიდარობის მესიჯის ადრესატი საკანონმდებლო ორგანოცაა, რათა მათ გაიაზრონ იმ ოჯახების მდგომარეობა, რომელთაც საკუთარ თავზე გამოცადეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და უმოკლეს ვადებში განიხილონ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი.
„პირველ ყოვლისა მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ საერთოდ არ გვეკონცერტება, ეს არ იქნება კონცერტი, ეს იქნება ჩვენი მხრიდან ხმა, ტკივილი, იმ ადამიანების მიმართ, ვინც მარტო გრძნობს თავს. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობს თავს მარტო... ამ შემთხვევაში საუბარია პატიმრებზე, უდანაშაულო 3 000 ან შეიძლება უფრო მეტ პატიმარზე, ვინც უდანაშაულოდ ზის ციხეში. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ლოცვები, ტექსტები და ჩვენი სიმღერები ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვინც მარტოა, გვინდა ამით ვუთხრათ მათ, რომ მარტო არ ხართ და ჩვენ ყველანი თქვენს გარშემო ვდგავართ“, - ამბობს შემოქმედებითი მოძრაობა „ტალღას“ წევრის ზურა ჯიშკარიანი.
მოძრაობას უერთდება „თეთრი ხმაურის მოძრაობა".
„გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა და ჩვენც ვერ შევუსრულეთ ამ ხალხს დანაპირები, მათ ისევ საპატიმროში უწევთ ახალი წლის შეხვედრა. ჩვენ პატარა, სიმბოლური ჟესტით გვინდა, რომ მათ მიმართ სოლიდარობა, გვერდში დგომა გამოვხატოთ და ამით მაინც ვანიშნოდ, რომ ყველაფერი მალე ძალიან კარგად იქნება“, - აღნიშნა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა პაატა საბელაშვილი.