
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღეს სასამართლომ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. იგი სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ. სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანხმობითა და მისგან უპირობო მხარდაჭერის გარანტიების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩანა ახალაიას და მისი ძმის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას მიერ, ურთიერთშეთანხმებულად დაიგეგმა და მათზედ დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციის და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში, - „2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება. ამდენად, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა დანაშაულებრივმა მოქმედებებმა, რასაც სათავეში ედგა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განაპირობა ის, რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება, მოხდა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დავით ახალაიას და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას მიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში".
ადვოკატი სოფო გოგლიჩიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების (შეწყალების) გამოყენებას ედავებიან, რაც მისი თქმით, აბსურდია.