პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. ის ორი კვირის განმავლობაში კომაში იყო. იგეგმებოდა მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში.
„უეცრად გაუარესდა გამთენიისას მდგომარეობა, დაფიქსირდა გულის ოთხჯერ გაჩერების ეპიზოდი და რეანიმაცია დასრულდა წარუმატებლად, მე-4 ეპიზოდი. გარდაიცვალა 8 საათზე," - განაცხადა ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბარში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევსა და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. მათვე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში იყო დაჭრილი.
ამ შემთხვევის გამო დაწყებულია გამოძიება სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.