
საჯარო სამსახურის ბიურომ თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.
მონიტორინგის ფარგლებში ბიურომ შეისწავლა შერჩეულ თანამდებობის პირთა დეკლარაციები და შეადარა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში დაცულ მონაცემებს. დაღვევების გამოვლენის შემდეგ თანამდებობის პირები დაჯარიმდნენ.
საჯარო სამსახურის ბიურომ, 2017 წელს ჯამში 287 დეკლარაცია შეამოწმა, აქედან 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად.
საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, შემოწმდა საქართველოს პარლამენტის 14 წევრი და საქართველოს პარლამენტის ერთი თანამშრომელი - ჯამში 15 თანამდებობის პირი. უარყოფითად შეფასდა 13 პირი (12 პარლამენტარი და ერთი საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი), არ დაჯარიმდა პარლამენტის 2 წევრი. პარლამენტის 10 წევრი კი 1000-1000 ლარით დაჯარიმდა. მათ შორის არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, გუგული მაღრაძე, აკაკი ზოიძე, მიხეილ ყაველაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, თამაზ ნავერიანი.
ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შემოწმდა 119 დეკლარაცია. უარყოფითად შეფასდა 79 თანამდებობის პირი. დაჯარიმებულთა სიაში არის თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი; 112-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი; კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი;
სასამართლო ხელისუფლებიდან შემოწმდა 13 მოსამართლე. დაჯარიმდა 6 მოსამართლე. მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე, საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.
საჯარო სასახურის ბიურომ დეკლარაციების კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიმართვის შემდეგ დაიწყო. TI ითხოვდა პარლამენტის წევრების და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის დეკლარაციების შემოწმებას. ბიუროს ინფორმაციით, მონიტორინგი გრძელდება და ლევან მურუსიძე მიმდინარე მონიტორინგის რეჟიმშია. სრულად შედეგები იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება.
თანამდებობის პირთა დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევები ეხება ისეთ საკითხებს როგორებიცაა შეუსაბამობა უძრავი ქონების მითითებულ და რეალურ ფართებს შორის; ოჯახის წევრების არადეკლარირებული უძრავი ქონება (სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის; არადეკლარირებული საბანკო (დამხმარე) ანგარიშები; შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში.
ასევე, სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილის ან/და ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო დაფუძნებიდან დღემდე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს;
საჯარო სამსახურის ბიურომ ასევე გამოავლინა ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში დარღვევები: ოჯახის წევრების შემოსავლების არ დაფიქსირება ან განსხვავებული ოდენობით დაფიქსირება, წლიური შემოსავალის არასწორად/ზეპირად დაანგარიშება და არა დაწესებულების ბუღალტრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაბეგრილი (ხელზე მიღებული) შემოსავალის დეკლარირება დაუბეგრავის (დარიცხულის) ნაცვლად.