სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ახალი მოადგილეები წარადგინა. ომბუდსმენის პირველ მოადგილედ თამარ გვარამაძე დაინიშნა, ხოლო მოადგილეებად - გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე.
ნინო ლომჯარიამ მოადგილეები დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, ომბუდსმენის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ადმინისტრაციასაც უხელმძღვანელებს.
პირველი მოადგილის წარდგენისას ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ თამარ გვარამაძეს აქვს მდიდარი გამოცდილება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე მენეჯმენტისა და აკადემიური საქმიანობის მიმართულებით.
თამარ გვარამაძე თსუს-ს სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორია. იგი პროფესიით იურისტია. თამარ გვარამაძე იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე იყო საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი. საჯარო სამსახურში ეკავა მენეჯერის პოზიციები. ბოლოს ის იყო შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი.
გიორგი ბურჯანაძე ფლობს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს, ასევე სისხლის სამართლის მაგისტრის ხარისხს, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის ხარისხს, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მუშაობდა წლების განმავლობაში საია-ში მართლმსაჯულების მიმართულებით. 2010 წლიდან საქმიანობა გააგრძელა სახალხო დამცველის აპარატში მართლმსაჯულების დეპარტამენტში. გიორგი ბურჯანაძე 2012-2014 წლებში მუშაობდა ევროკავშირის პროექტში. 2014 წლიდან ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოში“ და იყო ადამიანის უფლებათა პროგრამის ხელმძღვანელი.
ეკა სხილაძე 2013 წლიდან მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში. 2016 წლიდან იკავებდა სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციას. მანამდე ის ომბუდსმენის გენდერული დეპარტამენტის უფროსი იყო.
სახალხო დამცველის პირველი მოადგილის თანამდებობას ნათია კაციტაძე იკავებდა, რომელიც პოსტზე 2016 წლის ივლისში დაინიშნა.
ფოტო: 1tv.ge