შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყველა იარაღი, რომელიც დეა გოშხეთელიანისა და მისი მამის ცემაში ბრალდებულს ჰქონდა.
„დეა გოშხეთელიანის მიმართ ოჯახში ძალადობის საქმეზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს. გამოვეცით შემაკავებელი ორდერი, რითაც უზრუნველვყავით დაზარალებულის უსაფრთხოება. გამოვეცით მეორე შემაკავებელი ორდერი, რითაც ავუკრძალეთ ბრალდებულს იარაღის გამოყენება და ასევე შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე. როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების საკითხი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დღეს მოძალადე პატიმრობაშია", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
დღეს ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულს გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის დარბაზშივე დააკავეს.
3 იანვარს გრიგოლ ბაკურაძემ ყოფილ მეუღლეს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა, შემდეგ კი - მამამისს, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოხვდა.
5 იანვარს გრიგოლ ბაკურაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. დღეს კი სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა.