დღეს საზოგადოებრივ მაუწყებლის კანცელარიაში მწერლებმა ორი დოკუმენტი წარადგინეს.
ერთი დოკუმენტი არის მიმართვა მაუწყებლის სამერვეო საბჭოს სახელზე, რომელიც პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი მასალის გაშუქებაზე ღია სხდომის ჩატარებას ეხება.
მეორე დოკუმენტი კი თავად პოეტ ზვიად რატიანის საჩივარია მაუწყებლის გენერალური დირექტორის სახელზე.
საჩივარში ზვიად რატიანი მიუთითებს, რომ ტელეკომპანიამ დაარღვია ეთიკური სტანდარტები - არ დაიცვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი და გავრცელებული მასალით ის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
როგორც საჩივარში ნათქვამია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი ითვალისწინებს, რომ ,,პატივი ვცეთ და არ დავარღვიოთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. დაუსაბუთებლად, საზოგადოებრივი ინტერესის გარეშე, არ ვაქციოთ ინდივიდის პირადი ცხოვრების დეტალები საჯარო მსჯელობის საგნად.”
"ჩანაწერებში ვიმყოფებოდი ჩემთვის მიუღებელ მდგომარეობაში და მისი გავრცელებით შეილახა ჩემი პატივი და ღირსება. ის ფაქტი, რომ მე ვიმყოფებოდი ნასვამ მდგომარეობაში და შეურაცხყოფა მივაყენე პოლიციელებს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ცალსახად წარმოადგენს ჩემს პირად ცხოვრებას, რომლის ხელყოფაც განხორციელდა მაუწყებლის მიერ მათი გასაჯაროებით (ჩანაწერების ჩვენებით), "- ამბობს ზვიად რატიანი.
პოეტს მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ხელმღვანელობდეს მაღალი სტანდარტებით და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს სრულყოფილად, მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით, რაც არ მომხდარა აღნიშნულ სიუჟეტთან მიმართებაში.
მაუწყებელში წარდგენილი საჩივრის მიხედვით, მოთხოვნაა:
1. დადგინდეს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნათა - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის (34-ე მუხლი; 35-ე მუხლის მეორე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები; 48-ე მუხლი) სიძულვილის გაღვივებისა (31-ე მუხლი) და ჯეროვანი სიზუსტის (მე-12-ე მუხლი) დარღვევა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ სადავო ჩანაწერებთან მიმართებით;
2. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმიდან (მაგ. ვებ-გვერდი, ყოუტუბე არხი, ფაცებოოკ გვერდი) აღებული იქნეს ყველა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სადავოდ გამხდარ ჩანაწერს;
მომავალში აღარ განხორციელდეს სადავო ჩანაწერების გამოყენება სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.
ზვიად რატიანი ითხოვს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული საჩივარი მაუწყებელმა განიხილოს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.