უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა თანამშრომლობის, მათ შორის, ექსტრადიციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 12 იანვარს შედგა. „მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს აქტუალური საკითხები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში. მათ შორის, კრიმინალთან ბრძოლისა და ექსტრადიციის პროცედურები. შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს ამ სფეროში თანამშრომლობა და ექსპერტულ დონეზე სამუშაო გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობები განიხილეს.“ - წერს უკრაინის გენერალური პროკურატურა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაა. საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემას რამდენიმე წელია, მოითხოვს. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, უკრაინისგან ამ საკითხზე უარი მათ ორჯერ 2014 და 2015 წელს მიიღეს. მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო, თუმცა 2017 წელს მის მიერ შევსებულ განაცხადში უზუსტობის მიზეზით სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოერთვა.
2017 წლის სექტემბერში ამის მიუხედავად, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი პოლონეთიდან მხარდამჭერებთან ერთად მაინც გადაკვეთა. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. ამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღებამდე იური ლუცენკოს თქმით, უკრაინას მისი ექსტრადიციის უფლება არ ჰქონდა. 3 იანვარს უკრაინის მიგრაციის სამსახურმა სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა და ქართული მხარისთვის მის გადმოცემას ეს ბარიერიც მოეხსნა.