NDI-ის კვლევის შედეგებით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 18-35 წლის ამომრჩეველთა 49%-მა მონაწილეობა არ მიიღო. 2017 წლის ივნისის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა ამომრჩევლების (18-35) 53% ამბობდა, რომ, სავარაუდოდ, არ მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. NDI-ის კვლევის ეს ნაწილი შეეხებოდა ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებთან, ხელისუფლების საქმიანობასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მიგნებებს.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.