საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის თქმით, რომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის შემდეგ მომხდარით მართლმსაჯულების სისტემას სერიოზული რეპუტაციული ზიანი ადგება. ამის შესახებ ინფორმაცია 1tv ავრცელებს.
„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. ანუ, მსგავსი შემთხვევა, როდესაც პირმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთი სერიოზული დაზიანებები მიაყენა ადამიანებს და ის თავისუფლდება გირაოთი, მე ვფიქრობ, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათ შორის, ჩემთვისაც და მგონია, რომ მართლმსაჯულების სისტემას ამით სერიოზული ზიანი ადგება. ასე რომ, მათ ადგილზე, უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი მსგავს შემთხვევებზე სასჯელის გამოყენებას თუ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამაზ ქვლივიძემ კლუბ „ბასიანთან“ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ის გირაოთი გაათავისუფლა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მარტსაა ჩანიშნული. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა და პროცესი ხვალ, 12 საათზე გაიმართება.