„მთავრობის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და ბოლო დროს მიღებული კანონების მიუხედავად, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, ჯერ კიდევ არსებობს რიგი შეუსაბამობები, როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში“, ნათქვამია ანგარიშში - „ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში: ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება“, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასახავს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა დგინდება 126.1-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე გამოცემულ შემაკავებელი და დამცავი ორდერების რაოდენობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ 11-ე მუხლის ყველა პუნტით განსაზღვრული შემთხვევების მიხედვით, რის გამოც ჩრდილში რჩება ძალადობის შემთხვევების განუსაზღვრელი რაოდენობა და შეუძლებელია სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება
გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კანონმდებლობაში კვლავ რჩება ხარვეზები. უფრო კონკრეტულად კი, სტამბოლის კონვენციის 33-ე მუხლის მიუხედავად, რომელიც ნებისმიერ კონტექსტში ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს, ოჯახის გარეთ ფსიქოლოგიური ძალადობა არ არის გამოცალკევებულად კრიმინალიზებული. ასევე პრობლემაა ისიც, რომ არ არის განსაზღვრული საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ფემიციდის მნიშვნელობა.
მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური შევიწროების ცნება განმარტებულია, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კანონი ამ შემთხვევებისთვის მკაფიო ჯარიმას და სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებებს არ განსაზღვრავს,- „სექსუალური შევიწროება მასში არ არის აღიარებული დისკრიმინაციის ფორმად. ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი ინფორმირებული იყო, რომ სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროება საკმაოდ ხშირია, მაგრამ ისინი სათანადოდ აღრიცხული არ არის, რადგან ქალების სტიგმატიზებას იწვევს“.
ომბუდსმენის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია:
- შემუშავდეს კანონმდებლობა/რეგულაციები სექსუალური შევიწროების ასაკრძალად როგორც საჯარო სივრცეში ისე საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილას;
- მოხდეს ძალდობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლება და მისი მისადაგება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმასთან, ადევნებისა და სექსუალური შევიწროების ჩათვლით;
- გაუპატიურების განმარტების შეცვლა სისხლის სამართლის კოდექსში, რათა ის შეესაბამებოდეს CEDAW-სა და სტამბოლის კონვენციებს, მსხვერპლთა თანხმობის არარსებობის ელემენტის გათვალისწინებით;
- ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული დამხმარე სერვისების უზრუნველყოფა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და ამ მომსახურების გამარტივებული ხელმისაწვდომობა იმ ქალებისთვის, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ;
- საჯარო მოხელეებისთვის, მათ შორის, სამართალდამცავებისა და სასამართლო სისტემის წევ რებისთვის, სავალდებულო ტრენინგებისა და უკვე არსებული სასწავლო პროგრამების, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერება.
კვლევა აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და ხარვეზებს არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ადამიანის უფლებათა სფეროში, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, კანონმდებლობისა და პოლიტიკის, ბიუჯეტირებისა და დაფინანსების, ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის, კომპენსაციისა და ანაზღაურების საკითხებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კონტექსტში.