Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იაშვილის კლინიკის სანიტარი - „დირექტორი თავის სახლს და აგარაკს გვალაგებინებს“

22 იანვარი, 2018 14:50

იაშვილის კლინიკის ერთ-ერთი სანიტარი ამბობს, რომ კლინიკის დირექტორი, შოთა ჯოგლიძე მას და მის სხვა კოლეგა სანიტრებს, ყოველდღე, მორიგეობით, თავის საცხოვრებელ სახლს; ავჭალაში მის მფლობელობაში არსებულ ფართს და ხანდახან აგარაკს ალაგებინებს. გაწეულ სამსახურში კი ფულს არ უხდის - „ლიბერალს" აუდიოჩანაწერი მოაწოდეს, სადაც სანიტარი ჰყვება დეტალებს. მას ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ სამსახურის დაკარგვა არ უნდა:

„იაშვილის კლინიკაში კვირაში რამდენიმე დღე ვმუშაობ, გადაბმულად 24 საათი. ამის პარალელურად, ჩვენი დირექტორი გვთხოვს ხოლმე, სამუშაო დღეს, მორიგეობით, რამდენიმე საათი გამოვყოთ და დიღომში, იაშვილის კლინიკასთან მდებარე ახალაშენებული სამსართულიანი სახლი დავულაგოთ. პერიოდულად, ავჭალაში არსებულ ფართობს ვასუფთავებთ, სადაც ჯოგლიძე ბიზნესსაქმიანობას ეწევა. სხვა სანიტრები ადრე ქალაქგარეთ აგარაკზეც დაჰყავდა. ავჭალაში სიარულის დროს კლინიკის მანქანა გვემსახურება. გაწეულ სამუშაოში არაფერს გვიხდის, უბრალოდ, სანიტრებთან შეთანხმებულია და მორიგეობით დავდივართ", - ჰყვება აუდიოჩანაწერში იაშვილის კლინიკის სანიტარი. 

აღნიშნულ ინფორმაციას „ლიბერალთან“ იაშვილის კლინიკის კიდევ ორი თანამშრომელი ექიმი ადასტურებს. ვინაობის გამხელა არც მათ სურთ. ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ ხშირად უნახავს შოთა ჯოგლიძის სახლიდან და აგარაკიდან მოსული სანიტრები, რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან იღლებიან და არ მოსწონთ დამატებით სამუშაოს უსასყიდლოდ გაწევა: „სართულზე ყველა დეპარტამენტს ორი დამლაგებელ-სანიტარი ჰყავს. კლინიკაში ყველამ იცის, რომ ყოველდღე ეს ადამიანები მორიგეობით ალაგებენ უფროსის საცხოვრებელ სახლსა და ავჭალაში მდებარე ფართს, სადაც, როგორც ვიცით, შოთა ჯოგლიძეს რაღაც ბიზნესი აქვს. პირადად მინახავს ისევ კლინიკის დასალაგებლად დაბრუნებული დაღლილ-დაქანცული სანიტრები", - ამბობს ერთ-ერთი ექიმი. 

მეორე ექიმი კი აცხადებს, რომ მან ამის შესახებ პირველად ზაფხულში გაიგო: „ჩემი მორიგეობის დროს ერთ-ერთი ჩემი კოლეგა გაბრაზებული შემოვიდა ოთახში და მითხრა, რომ დილიდან სანიტრები ჯოგლიძეს ჰყავს წაყვანილი თავისი სახლის დასალაგებლადო. როგორც ვიცით, დიღომში, სამსართულიანი, კერძო სახლი ახალი გარემონტებული ჰქონდა და სანიტრები იმას აწესრიგებდნენ".

კლინიკის დირექტორის სახელზე, საჯარო რეესტრში კლინიკის ახლოს, ლუბლიანის ქუჩის მიმდებარედ იძებნება არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, 1300 კვ.მ ფართობის მიწა, ასევე დიღმის მასივის მესამე კვარტალში 650 კვ.მ ნაკვეთი.

„ლიბერალი“ კლინიკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. უშუალოდ დირექტორთან, შოთა ჯოგლიძესთან დალაპარაკება ვერ მოვახერხეთ. თუმცა, კლინიკის პრესსამსახურის განმარტებით, შოთა ჯოგლიძე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

ჯოგლიძე პროფესიით იურისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის კულტურის, სპორტის, და სოციალური მომსახურების სამსახურში, ასევე მერიის დაქვემდებარებაში არსებულ პოლიკლინიკებში. მოგვიანებით შოთა დაინიშნა სს „მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო ორ წელიწადში გახდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^