„საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას", - აღნიშნულია Human Rights Watch-ის მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს 2017 წლის მოვლენებს ეხება.
„წინა წლებთან შედარებით მონაცემების კლების მიუხედავად, საქართველო კვლავ იყენებდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ კანონებს ნარკომომხმარებელთა სისხლისსამართლებრივი დევნისთვის იმ პირობებში, როდესაც მკურნალობის შესაძლებლობები შეზღუდული რჩება.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, რომლითაც მარიხუანის შენახვისთვის პირის დაპატიმრება არაკონსტიტუციურად ცნეს, პარლამენტმა 2017 წლის ივლისში კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილება, რითაც გაუქმდა პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა 70 გრამამდე მარიხუანის შენახვისთვის; თუმცა პატიმრობა სასჯელის ზომად რჩება ამ ნივთიერების უფრო დიდი მოცულობით შენახვისთვის.
ნარკოდანაშაული ხშირად ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმით და სხვა უფლებების შეზღუდვით. პოლიციამ ათასობით ადამიანს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარა და ზოგიერთ შემთხვევაში, მათი დაკავება 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ივნისში პოლიციამ ორი რეპერი, მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დიდი ოდენობით აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. მგალობლიშვილი და ქებურია აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკები იმ ვიდეოკლიპის გამო ჩაუდო, რომელშიც პოლიცია გააშარჟეს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ სასამართლომ ორივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და გამოძიება დაიწყო პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ორივე გამოძიება მიმდინარეობდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წელს შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით.