კიევში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. პოროშენკოს თქმით, საქართველოსა და უკრაინის კოორდინაცია მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. „ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ეფექტიანი კოორდინაციისთვის.“ - თქვა შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკომ გაიხსენა როგორ ჩავიდა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის საზღვართან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად და შეხვდა ადგილობრივებს. „ამ ადამიანების ერთადერთი კითხვა იყო – რატომ მოხდა ეს, რადგან ოკუპაციამ კარგი არაფერი მოუტანა არც ოსებს, არც დონბასის მცხოვრებთ. ამიტომ ჩვენ ყველაზე კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინაცია და ეფექტიანი ნაბიჯები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.“ - თქვა პოროშენკომ.
პეტრო პოროშენკომ კობახიძესთან შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვა ორი ქვეყნის ევროპასთან თანამშრომლობით და პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავება ისურვა. ის ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 26 წლისთავი ერთობლივი ღონისძიებებით აღინიშნოს.
„მოდით, საერთო ღონისძიებები დავგეგმოთ. ჩემი იდეა იყო, როდესაც ჩვენს პარლამენტში კენჭს უყრიდნენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ჩემი ადმინისტრაცია ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეუთანხმდა ევროპარლამენტთან ვიდეოკავშირის ორგანიზებაზე. მოდით, რამე მსგავსი გავაკეთოთ პარლამენტების სესიაზე. ვაჩვენოთ, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ისტორია არ იწყება საბჭოთა კავშირის დაშლიდან. რომ ჩვენ ვართ ერები, რომელთაც საბჭოთა კავშირამდე გაცილებით დიდი ისტორია აქვთ“, - თქვა შეხვედრაზე პეტრო პოროშენკომ.