
თბილისში, მართლმსაჯულების სახლში საქართველოს მოსამართლეთა 22-ე კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძების დაწყებამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მიხეილ ჩინჩალაძემ სასამართლო სისტემის გამოწვევებსა და მიღწევებზე „რუსთავი 2-თან" ისაუბრა.
შეკითხვას - საუბრობენ იმის შესახებ, რომ არსებობს კლანი, რომელიც სასამართლო სისტემას თავისი შეხედულებისამებრ მართავს, ჩინჩალაძე პასუხობს: „ჩვენ იურისტები ვართ და მგონი სჯობს რომ ეს ყველაფერი მტკიდებულებებით იყოს განმტკიცებული, ასე ჰაერზე საუბარი მგონი არასწორია“.
რაც შეეხება სასამართლო სისტემის მიღწევებს, ჩინჩალაძე ყურადღებას საქმეთა განაწილების პროგრამის ამოქმედებაზე ამახვილებს. მისი თქმით, „იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს პროგრამა არ გაეშვება, არ ამოქმედეება, მაგრამ ნამდვილად კარგი ნაბიჯია ის, რომ უკვე გაეშვა. იგი სასამართლოებში მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მუშაობს. შედეგად, კითხვები იმის შესახებ, რომ ხელოვნური ჩარევა და მანიპულაციები ხდებოდა, ავტომატურად იხსნება".
სასამართლოს გამოწვევად კი ჩინჩალაძე საქმეთა განხილვის ვადებს მიიჩნევს, თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, პირველად, ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო საქმეების კუთხით დინამიკა გაუმჯობესებულია.