ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ტრეფიკინგი და არასრულწლოვნის მიერ ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული - ამ ტიპის საქმეებზე რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების წარმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია იქნება.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, ერთი თვის წინ პარლამენტში დადებული პირობა უწყებამ შეასრულა და ახალი დეპარტამენტის შექმნა სტრუქტურული რეფორმების დასაწყისია.
„გვესმის, რომ დღევანდელ პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, რაც არ უნდა გავაკეთოთ, კრიმინალთან ბრძოლა იქნება თუ რეფორმა, ფასი არ ექნება. ეს არ გამოჩნდება უბრალოდ. ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველი ნაბიჯი სისტემის რეფორმირების გზაზე ამ დეპარტამენტის შექმნით დაგვეწყო. დეპარტამენტს აქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები. სამწუხაროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნებს შორის ძალადობა და დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთ ჩვენს მიღწევას კრიმინალთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ახალი დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები საზოგადობას მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გააცნო.
როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, დეპარტამენტის შექმნის მიზანია: შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტრანდარტის დანერგვა, დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფა, ასევე, ამ ტიპის დანაშაულებებზე მგრძობიარე მიდგომების დანერგვა.
როგორც შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კომპეტენცია იქნება: ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის/დისკრიმინაციის ნიშნით, არასრულწლოვნების მიმართ/ მიერ ჩადენილი დანაშაულზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურას, სამსახურს ეყოლება დირექტორი, მოადგილე და 10 თანამშრომელი. ეს თანმშრომლები განსაკუთრებულ საქმეთა ინსპექტორები იქნებიან. მინისტრის მოადგილის თქმით, თანამშრომელთა მისაღებად კონკურსი უკვე გამოცხადდა. ის ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, როგორც შსს-ს მოქმედი თანამშრომლების ასევე იმ პირებისთის, ვისაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გარკვეული გამოცდილება აქვს.
ახალი დეპარტამენტის ფუნქციები იქნება:
- გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგი;
- ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების პროექტების მომზადება და პრაქტიკაში განხორციელება;
- სპეციალიზებულ გამომძიებელთა კვალიფიკაციის საჭიროების განსაზღვრა;
- სპეციალიზებულ მომსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის შესახებ მინისტრისთვის წინადადებით მიმართვა;
სამინისტროში ამბობენ, რომ დეპარტამენტის თავისი მიზნებიდან გამომდინარე აქტიურად ითანამშრომლებს საჯარო უწყებებთან, სახალხო დამცველთან, პარლამენთთან და საერთაშრისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ასევე აკადემიურ სექტორთან და თემატურ ექსპერტებთან.
მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს რაც შეეხება, შსს-ში აცხადებენ, რომ შემუშავდება და დაინერგება შერჩევის ერთიანი სტანდარტი, განისაზღვრება სპეციალიზებული გამომძებლების რაოდენობა, გაიწერება სამუშაო აღწერილობა, ასევე, შემუშავდება სასწავლო მოდულები და სახელმძღვანელოები, შეიქმნება ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმები.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშილმა აღნიშნა, დეპარტამენტის შექმნა არ ნიშნავს, რომ ხვალვე მოგვარდება ის პრობლემები და გამოწვევები, რაც სამინისტროს წინაშე დგას, მათი მიზანია გრძელვადიან პრესპექტივაში დადებითი შედეგის ჩვენება.
შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით შეიქმნა.
შეხვედრას საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალთა მოძრაობის წევრმა და კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიესალმება ამ ინიციატივას.
„ორი წლის განმავლობაში სპეციალური დანაყოფის მოთხოვნით ვმართავდით აქციებს, პარლამენტის წინაშე ვაყენებდით ამ მოთხოვნას და ძალიან კარგია, რომ სისრულეში მოიყვანეს. მიგვაჩნია, რომ თითოეულ საქმეში მნიშვნელოვანია შსს-ს როლი და ეს სპეციალური ზედამხედველობა, რომელიც ჯერჯერობით ჩვენს პოლიციელებს სჭირდებათ,“ - ამბობს ბაია პატარაია.
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტმა, თამთა მიქელაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ამ ტიპის დანაშაულების პრევენციის მნიშვნელობაზე.
„მთავარი პრობლემა, რომელიც არსებობდა დისკრიმინირებულ ჯგუფებსა და სამინისტროს შორის, ეს არის ნდობის პრობლემა, რადგან ძალიან ხშირად დისკრიმინაციისა თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანები თვითონ ინსტიტუციებში აწყდებოდნენ ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და სექსიზმის პრობლემას. ამდენად ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებაც, რომ სახელმწიფო თანასწორობისთვის იბრძვის.
თუმცა ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რეპრესიული ინსტრუმენტებიც ამ დანაშაულებთან ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თვითონ ამ დანაშაულების სოციალური ბუნება და ის სტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური უთანასაწორობა, რომელიც ახლავს ამ დანაშაულებს. ამიტომ ვფიქრობ, პრევენციული მიმართულებით მუშაობა განსაკუთრებით მშვნელოვანია სამინისტროს მხრიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კოორდინაცია სხვა უწყებებთან, რადგან ამ ნაწილში შემოდის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მეორე საკითხია, დისკურსულ დონეზე მუშაობის აუცილებლობა, რათა სამინისტრომ მესიჯების, კამპანიების საშუალებით შექნას წარმოდგენა და ნდობა, რომ ყველას უფლებას თანაბრად იცავს,“ - ამბობს თამთა მიქელაძე.