Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

BBG Watch: „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ცდილობს

23 იანვარი, 2018 20:03

გამოცემა BBG Watch წერს, რომ „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ცდილობს. ამერიკული მედიასაშუალების მიხედვით, „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს „რუსთავის 2“-თან თანამშრომლობას აძალებს და ბიუროს დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ცდილობს. როგორც BBG Watch იუწყება მათ ზეწოლის შესახებ არაერთი წყაროსგან გაიგეს.

BBG Watch-ზე ჟურნალისტები აშშ-ის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების შესახებ მოხალისეობრივად წერენ. მათ შორის, „რადიო თავისუფლებასა“ და „ამერიკის ხმაზე“. 

BBG Watch-ის ცნობით, რადიოს ქართული სამსახური სათავო ოფისის მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მიიჩნევდა, რომ მართალია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობა მას უფრო დიდ აუდიტორიაზე გაიყვანდა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ტელევიზიასთან კავშირი რადიოს ობიექტურობის იმიჯს, რეპუტაციას საფრთხეს შეუქმნიდა. სათავო ოფისის თანამშრომლები, მათ შორის, რადიოს ვიცე-პრეზიდენტი ნენად პეჟიკი კი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ცდილობდნენ, რათა „რადიო თავისუფლებას“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ეთანამშრომლა.

როგორც BBG Watch წერს, ქართული სამსახურის თანამშრომლები ერთსულოვნად დაუდგნენ გვერდში დირექტორ დავით კაკაბაძეს. ეს კი გამოცემის მიხედვით, „რადიო თავისუფლებაში“ იშვიათი პრეცენდენტია. ქართველმა ჟურნალისტებმა სამაუწყებლო საბჭოს (BBG) აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ლანსინგს და მის მოადგილეს, ჯეფ ტრიმბლს. საჩივრის წერილით მიმართეს და უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მენეჯმენტის მხრიდან გაუმჭვირვალე კრიტიკის სამიზნედ იქცნენ.

BBG Watch ამ შემთხვევას „რადიო თავისუფლების“ ხელმძღვანელობის სისუსტესთანაც აკავშირებს. მისი მიხედვით, რადიოს დირექტორმა თომას კენტმა და ლანსინგმა ვერ შეძლეს გამოესწორებინათ სუსტი მენეჯმენტი, ყოფილიყვნენ ძლიერი მმართველები. გამოცემა წერს, რომ ეს არის პრაღის 2012 წლის სკანდალის ერთგვარი რემინსცენცია, როცა „რადიო თავისუფლებიდან“ მასობრივად დაითხოვეს რუსული ბიუროს თანამშრომლები. მაშინ წინა მენეჯმენტიდან ბევრი ხელმძღვანელი პირი შეიცვალა, ნენად პეჟიკმა კი თანამდებობა შეინარჩუნა.

BBG Watch-ის მიხედვით, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის ჟურნალისტები ჩივიან, რომ ღია და კოლეგიური დისკუსიის ნაცვლად მენეჯმენტის მხრიდან, ანონიმური „ექსპერტების“ დახმარებით გაუმჭვირვალე კრიტიკის სამიზნეები არიან. სათავო ოფისის მენეჯერები ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ ისინი ამ „ექსპერტებთან“ თანამშრომლობენ, თუმცა მათი ვინაობა ქართული სამსახურისთვის უცნობია.

როგორც BBG Watch წერს, ამ ტიპის მმართველობა იუგოსლავიის ან საბჭოთა კავშირის კომუნისტურ რეჟიმს უფრო შეეფერება, ვიდრე ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებულ მედიას.

„გვაქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ „რადიო თავისუფლების“ მენეჯმენტი ქართული სამსახურის მხრიდან „რუსთავი 2“-თან კავშირზე უარის თქმის გამო განაწყენებულია. ჩვენი წყაროები ვაშინგტონსა და თბილისში ამბობენ, რომ ქართული ბიუროს დირექტორზე დათხოვნის მიზნით ზეწოლა მიდის.“ - წერს BBG Watch. გამოცემის მიხედვით, ამ მმართველობის დროს მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა „ამერიკის ხმის“ ჩინეთის ბიუროში. ჟურნალისტების მცდელობა, დაეცვათ საკუთარი მისია და დამოუკიდებლობა წარუმატებლად დამთავრდა.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ წყაროებზე დაყრდნობით იციან,  „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს ჟურნალისტებს კარგად ესმით, თანამშრომლობა, რომელსაც ისინი ეწინააღმდეგებიან, უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობას მისცემდათ. „მაგრამ როგორც „რადიო თავისუფლების“ ქართველი მაუწყებლები ამბობენ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია დაიცვან სანდო, მიუკერძოებელი მედიასაშუალების რეპუტაცია და კიდევ უფრო საჭირო მიუკერძოებელი მედიის არსებობა. ქართული სამსახურის ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება მნიშვნელოვან როლს ასრულებს  ქართული მედიაგარემოს პოლარიზაციაში. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული მედიასაშუალება კი არ უნდა იყოს დაკავშირებული მსგავს პარტიულ მედიასაშუალებებთან.“ - წერს BBG Watch.

BBG Watch ექსპერტებსაც ესაუბრა, რომლებიც გამოცემასთან ამბობენ, რომ საჭიროა „რადიო თავისუფლება“ არაპარტიულ მედიასაშუალებად დარჩეს და „რუსთავი 2“-თან კავშირი მის ობიექტურობაზე სერიოზული დარტყმა იქნება.

BBG Watch სტატიაში ასევე მიმოიხილავს „რადიო თავისუფლების“ ირანულენოვან სამსახურში შექმნილ კრიზისსაც. სადაც, „რადიო ფარდას“ იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ის ირანის რეჟიმის პროპაგანდას ატარებდა.

ჟურნალისტები კი, რომლებიც თავისი მისიის ერთგულები არიან იმაზე ღელავენ, რომ მედიასაშუალებისთვის უფრო მნიშვნელოვანი სოციალურ მედიაზე მოწონებების რაოდენობა გახდა, ვიდრე „რადიო თავისუფლების“ მისია.
---
BBG Watch-ის სტატიას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი თქმით, ტელეკომპანიას „რადიო თავისუფლება“ თავად დაუკავშირდა და ერთი გადაცემის განთავსება შესთავაზა. რაზეც მისგან თანხმობაც მიიღო. მაგრამ ამის შემდეგ აღარ დაკავშირებიან. გვარამიას აზრით, ეს სტატიაც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ნაწილია და ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება სტრასბურგში ტელეკომპანიის საქმის განხილვის წინ. „ფაქტია, "უხილავი ხელი" ამოქმედდა, თან ზუსტად იმ დროს და იმ ფორმით, რაც მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს.“ - წერს გვარამია თავის Facebook გვერდზე.

„ლიბერალი“ „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურთან დაკავშირებასაც ცდილობს, რომ დაადასტურონ მართლა მიმდინარეობდა თუ არა მათზე ზეწოლა „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობის მოთხოვნით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^