Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: კომუნიკაციების კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე ვერ აკმაყოფილებს კვალიფიკაციის მოთხოვნებს

25 იანვარი, 2018 13:26

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის წევრების მიერ თანამდებობის დაკავებისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლას აგრძელებს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მოკვლევით დგინდება, რომ კომისიის კიდევ  ერთი წევრი, მერაბ ქათამაძე ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კვლევა აჩვენებს ინსტიტუციურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ კომისიის წევრების შერჩევასთან არის დაკავშირებული. 

ვინ არის მერაბ ქათამაძე

TI-ის ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად არჩევამდე მერაბ ქათამაძე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ის იყო დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მერიდიანის“, გამომცემლობა „აზრის” და საინფორმაციო სააგენტო „მეცხრე ტალღის“ დამფუძნებელი. ასევე იკავებდა გაზეთ „კვირის ფოსტის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. 2013 წელს ქათამაძე მუშაობდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში სპეციალისტად, მოგვიანებით კი 2014-2015 წლებში იმავე მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის კონსულტანტი გახდა.

მერაბ ქათამაძე მრჩევლის რანგში ანაზღაურებას იღებდა საქართველოს „რესპულიკური პარტიის“, ასევე პ/გ „ქართული ოცნებისაგან“. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრობა გახდა საფუძველი, რომ მერაბ ქათამაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ შეარჩიეს, ვინაიდან საკონკურსო კომისიის წევრების განცხადებით, „ბორდის” წევრად პოლიტიკური ზეგავლენისაგან თავისუფალი კანდიდატის შერჩევა სურდათ. თუმცა, მოგვიანებით, ამ გარემოებას  მარეგულირებელი კომისიის წევრად არჩევის დროს მერაბ ქათამაძისთვის ხელი არ შეუშლია.

რამდენიმე მცდელობის შემდგომ მერაბ ქათამაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად 2015 წელს  აირჩიეს. 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ქათამაძის, როგორც კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის წევრის შემოსავალი 168 069 ლარია, ხოლო 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიღებული შემოსავალი მითითებული არ არის.

მერაბ ქათამაძის განათლება  

მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა  ჰქონდეს შემდეგი საგანმანათლებლო ხარისხი: „ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი”. ქათამაძემ 1981 წელს  საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაასრულა, სპეციალობა - მართვის ავტომატიზებული სისტემები, კვალიფიკაცია - ინჟინერ-სისტემოტექნიკოსი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ტექნიკური უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის  პასუხად დგინდება, რომ მერაბ ქათამაძის დიპლომი არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს.

როგორ აირჩიეს მერაბ ქათამაძე კომისიის წევრად

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ღია კონკურსში მონაწილე  კანდიდატურებიდან პრეზიდენტი მთავრობას უთანხმებს არანაკლებ სამ კანდიდატურას, რაც დასტურდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით და ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. წარდგენილი კანდიდატი არჩეულად  ითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარისა.

კომისიის  წევრად მერაბ ქათამაძე ზემოთ მითითებული პროცედურის თანახმად აირჩა. სამწუხაროდ, ხელისუფლების არც ერთმა შტომ არ გადაამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ქათამაძის დიპლომი კანონის მოთხოვნებს და პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას.

ინსტიტუციური პრობლემა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ მერაბ ქათამაძე  ვერ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ეკავოს კომისიის წევრის თანამდებობა. კახა ბექაურის მსგავსად, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, მერაბ ქათამაძესაც მოვუწოდებთ, გადადგეს თანამდებობიდან, ვინაიდან მნიშვნელოვანია კომისიაში შესაბამისი კვალიფიკაციის პირები საქმიანობდნენ.

არსებული კვლევა ასევე ადასტურებს იმ ინსტიტუციურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ კომისიის წევრების შერჩევასთან არის დაკავშირებული. კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის მოქმედი ხუთი წევრიდან, ორი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^