ჯეიდ ჰემისტერი 16 წლის ავსტრალიელი გოგოა და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც ე.წ. „პოლარული ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ეს ნიშნავს, რომ მან თხილამურებით გადაიარა გრენლანდია, ჩრდილო და სამხრეთ პოლუსები.
ჰემისტერი ჩრდილოეთ პოლუსზე მოგზაურობის შემდეგ ცნობილ ფორუმ TEDx-ზეც მიიწვიეს, სადაც სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა თავის მოგზაურობაზე. ვიდეო მიმართული იყო გოგოების წახალისებაზე, რომ იბრძოლონ ოცნებების ასასრულებლად. 16 წლის ჯეიდის ვიდეოს Youtube-ზე მომხმარებელთა ნაწილი, რატომღაც, დამცინავი კომენტარებით შეხვდა. ისინი ჰემისტერს დამცინავი ფრაზით - „გამიკეთე სენდვიჩი“ გამოეხმაურნენ. ამ სლენგით ინტერნეტმომხმარებლები, როგორც წესი, ქალებს აბულინგებენ და მიანიშნებენ, რომ ისინი მხოლოდ სამზარეულოში უნდა საქმიანობდნენ.
ჯეიდ ჰემისტერი „ინტერნეტტროლებს“ სამხრეთ პოლუსიდან გამოეხმაურა. Facebook-ის საკუთარ გვერდზე მან სამხრეთ პოლუსთან გადაღებული ფოტო დადო, სადაც ხელში სენდვიჩი უჭირავს. ჯეიდი ფოტოსთან ერთად მოგზაურობის დეტალებზე ჰყვება და მისკენ მიმართულ დამცინავ კომენტარებს პასუხობს. „ამაღამ (ამ პერიოდში აქ არასდროს ბნელდება) მე ისევ გადმოვიარე სამხრეთ პოლუსი და გადავიღე ეს ფოტო სენდვიჩით. ფოტო ყველა იმ კაცისთვის, რომელიც ჩემს ვიდეოს „გამიკეთე სენდვიჩით“ გამოეხმაურა. მე გაგიკეთეთ სენდვიჩი (ყველით და ლორით), წამოდით 37-დღიან სათხილამურო მოგზაურობაში, გადმოიარეთ 600 კილომეტრი და მიირთვით.“ - წერს ჯეიდ ჰემისტერი Facebook გვერდზე.
ჯეიდმა მოგვიანებით განმარტა, რომ სენდვიჩის გაკეთებაზე ის და მისი თანმხლები მოგზაურები მთელი ექსპედიციის განმავლობაში ხუმრობდნენ, მაგრამ ბოლო წუთამდე ასეთ ფოტოზე არც უფიქრიათ. „ბანაკი, სადაც გავჩერდით, პოლუსიდან ერთ კილომეტრშია. ჰოდა, ერთხელ ვთქვით, მოდი, გავაკეთოთ, რატომაც არა“, - ყვება ჰემისტერი ფოტოზე, რომელსაც, მისი თქმით, იმაზე გაცილებით დიდი და, რაც მთავარია, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ელოდა.