მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სადაც დღეს ჭერი ჩამოიშალა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.
თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო „ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წელს დაიწყო თბილისის მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში განახლდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, ხოლო მეტრო „ავლაბარს“ გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაათვალიერა და განაცხადა, რომ მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა.