პოლონეთში ერთ-ერთი ფერმიდან გაქცეული ძროხა ბიზონების ჯგუფს შეუერთდა. შინაური ცხოველი უკვე სამი თვეა, ველურ გარემოში ცხოვრობს. როგორც The New York Times წერს, მოწითალო შეფერილობის ძროხას გარეული ცხოველების ჯგუფთან ერთად ფოტო აღმოსავლეთ პოლონეთში, ბელოვეჟის ტევრში გადაუღეს. ამ უჩვეულო სანახაობის ფოტოს ავტორის, რაფალ კოვალჩუკის თქმით, ის თავის ახალ ოჯახს მიტოვებულ ყანებში საკვების მოძიებაში ეხმარებოდა.
კოვალჩუკი The Associated Press-თან ყვება, რომ შინაური ცხოველი კარგად იყო მორგებული ახალი ცხოვრების წესს და ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მოძრაობისას ჯოგის ბოლოში მოექცეოდა ხოლმე. სპეციალისტის თქმით, ძროხას გარემოსთან შეგუებაში ეხმარებოდა მისი სქელი ბეწვი და წელს აღმოსავლეთ პოლონეთის შედარებით თბილი ზამთარიც.
კოვალჩუკი, რომელიც ძუძუმწოვრების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია, ამბობს, რომ ეს გამორჩეული შემთხვევაა და აქამდე არასდროს უნახავს ძროხა ბიზონების ჯოგში. თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევასთან ერთად ეს შეიძლება საზიანოც აღმოჩნდეს მისთვის. იმ შემთხვევაში თუ ბიზონთან შეჯვარდა, ჰიბრიდული ხბო იმაზე დიდი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი და ძროხა შეიძლება მშობიარობას გადაყვეს.
ძროხასთან ყოფნა რისკიანია ბიზონებისთვის. ისინი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ველურ გარემოში გადაშენდნენ და პოპულაციის აღდგენა მოგვიანებით დაიწყო. ამიტომ შინაურ ცხოველთან შეჯვარებამ და გენის მუტაციამ ისედაც გადაშენების პირას მყოფი ბიზონების პოპულაციას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.
ფოტო: Rafal Kowalczyk, AP