„ტფილისის ჰამქრის“ დამფუძნებელი და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოშლის შესახებ „ლიბერალს“ ესაუბრა. მისი თქმით, კომპანია, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, იყო საეჭვო კომპანია და ის ამის შესახებ თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიასა და საკრებულოს წევრებს აფრთხილებდა.
„ამის შესახებ მე ვაფრთხილებდი ნარმანიას პირადად, საკრებულოშიც. ამასთან დაკავშირებით მომზადდა დიდი რეპორტაჟიც. მაშინ საკრებულოში ვთქვი, რომ საეჭვო კომპანიას მისცეს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, კომპანიას, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა. მას „ყვარელმშენი“ ჰქვია. სულ დაჯარიმებული იყო ეს კომპანია, პირობების შეუსრულებლობის გამო; შავ სიაში ჰყავდა საგადასახადოს შეყვანილი და მას მისცეს 400 000-ლარიანი ტენდერი.
სინამდვილეში ჭერი საერთოდ არ იყო შესაცვლელი. იქ არის ბეტონის ჭერი, და არ იყო საჭირო პლასტიკატის აკვრა. შესაბამისად, ეს სამუშაო იყო ამაო. მაშინ ლამის ხალხის მტრად გამომაცხადეს, რომ თითქოს მე ჩასაფრებული ვიყავი, რომ თითქოს არაფერი არ მომწონს. ნიშნის მოგებით ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ როცა ადამიანებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხება საქმე, როგორ შეიძლება ხმამაღლა არ ილაპარაკო. მაშინ რომ ყური შეებერტყათ, ეს არ მოხდებოდა. ამაზე პირადად ნარმანია არის პასუხისმგებელი. იმას ვერ იტყვის, რომ არ იცოდა, ამაზე პირადად მე ავტეხე ყვრილი. საკრებულოს სხდომის ოქმები შეგიძლიათ ნახოთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ის სადგური, სადაც ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, არის სასწრაფოდ გადასამოწმებელი, რადგან არც ერთ კომპანიას, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, არ ჰქონდა სპეციალიზაცია.
„ექვსივე სადგური სასწრაფოდ შესამოწმებელია. მარტო ამ კომპანიას კი არა, არც ერთ კომპანიას არ ჰქონდა ამის სპეციალიზაცია.
ნარმანიას პირადი პასუხისმგებლობაა ეს, რომ მოკალათდა იმ 20 000-ლარიან სამსახურში. არამარტო ნარმანიას პასუხისმგებლობაა, კალაძე მაშინ არ იყო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი? არ ეხებოდა მაშინ ეს? რატომ ერთმა მაინც „ქართული ოცნებიდან“ არ შეიბერტყა ყური?
საკრებულოს სხდომაზე იყო მაშინ მთელი წარმომადგენლობა „ქართული ოცნებიდან“. ერთს მაინც გადაემოწმებინა. ტყემალაძე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, არ იცოდა მან ამის შესახებ? ვერ მოისმინა რასაც ვაპროტესტებდი? ეს არის უნიათობა „ქართული ოცნების“ რომელიც ძალიან ძვირად გვიჯდება. მივიდნენ ახლა და ბოდიშები უხადონ იმ ადამიანებს და თავს გადაყვნენ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო „ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წელს დაიწყო თბილისის მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში განახლდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, ხოლო მეტრო „ავლაბარს“ გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.