თბილისში რუსთაველის 12-ში იგეგმება სასტუმროს მშენებლობა, რომლის პროექტზეც არქიტექტურის სამსახურმა იმსჯელა და წინასწარი თანხმობა უკვე გასცა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ექვსმა წევრმა პროექტი მოიწონა. არქიტექტორი შალვა მიქელაძეა.
„მიეცეს დადებითი შეფასება ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. N12-ში სასტუმროს ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს“, - ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში.
პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ შენობის მოცულობა გამზირისა და უკრაინკას ქუჩის მხარეს ინარჩუნებს ისტორიული განაშენიანების მასშტაბებს და მაღალი მოცულობები ჰარმონიული კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა გამზირთან მიმართებით.
„წარმოდგენილი შენობის სიმაღლე ოდნავ (2მ-ით) აღემატება არსებულს, მაგრამ გამზირის მიმართ არის ბევრად „ტოლერანტული“ და შერწყმული გარემოსთან. შენობის არქიტექტურა გააზრებულია კლასიკური მოტივაციით, მაგრამ თანამედროვე გადაწყვეტით, მოპირკეთება იმავე ტიპის ქვით, რაც გამოყენებულია არსებულ შენობაზე“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელმა გაავრცელა.
იხილეთ ფოტო: