თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში ჩავიდა, სადაც დილით ჭერი ჩამოინგრა. თბილისის მერია მეტროსადგურის ფოტოსაც ავრცელებს. დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლისას, გავრცელებული ინფორმაციით, 11 ადამიანი დაშავდა.
4 დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და როგორც „ლიბერალს“ სტაციონარში განუცხადეს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს ამჟამად გამოკვლევები უტარდებათ.
ჭერის ჩამონგრევის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ლიბერალს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.