თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, რომლის თანამდებობაზე ყოფნის დროსაც გარემონტდა მეტროსადგური „ვარკეთილი“, დღეს სადგურში ჭერის ჩამონგრევას გამოეხმაურა. დავით ნარმანიას თქმით, სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისათვის, რომ სამუშაო ხარისხიანად შეესრულებინა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კი ბევრი კითხვა გაჩნდა და პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
„რაიმე სახის დაჩქარებასთან ან დროულად გაკეთებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან მითითებები კომპანიის მიმართ არ ყოფილა. კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის, რომ სამუშაოები ხარისხიანად გაეკეთებინა. ალბათ, ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გაგვცეს და, შესაბამისად, მკაცრად დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება. რატომ გააკეთეს შეკიდული ფორმის ჭერი, რამ გამოიწვია ჩამონგრევა, ეს იყო უხარისხოდ შესრულებული, თუ ვიბრაცია იმაზე მეტი იყო, გამოძიებით უნდა დადგინდეს“ - თქვა ნარმანიამ.
თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ ის რემონტის დროს მეტროსადგურში მივიდა, მაგრამ ობიექტს ზედამხედველობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია უწევდა და მერიისადმი შეკითხვებზე პასუხის გაცემა იქ შეუძლიათ.
„ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია. ერთხელ ვიმყოფებოდი კიდეც ობიექტზე, ისევე როგორც ამ კომპანიის მიერ შესრულებულ წინა ობიექტზე ახმეტელის მეტროსადგურში, ჩვენ ამ მეტროსადურების რეაბილიტაცია დავიწყეთ იმიტომ, რომ იქ ძალიან კრიტიკული მდგომარეობა იყო. მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა დეტალებზე, რაც არ მახსოვს, ვერ ვიმახსოვრებ იმიტომ, რომ მერიაში ძალიან ბევრი ასეთი საქმე წარმოებდა პარალელურად, უმჯობესია სატრანსპორტო კომპანიას მიმართოთ“, - თქვა ნარმანიამ ჟურნალისტებთან.
„ვარკეთილში“ დღეს ჭერის ჩამონგრევისას 14 ადამიანი დაშავდა, ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ჭერის ჩამონგრევის გამო გამოძიება დაიწყო შსს-მ. როგორც „ლიბერალს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.