Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საშიშია თუ არა „ტყლარწი“ - საქართველოში კვლევა არ ჩატარებულა

31 იანვარი, 2018 18:59

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით -„მომაკვდინებელი სათამაშო“, სადაც საუბარია, რომ თბილისის მაღაზიებიდან  მაგნიტური ჟელეს, ე.წ. ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა ამოიღეს.

„ლიბერალი" შეეცადა, გაერკვია ჩატარდა თუ არა, ე.წ. ტყლარწის ლაბორატორიული კვლევა საქართველოში და ვინ ამოიღო იგი გაყიდვიდან. 

როგორც „ლიბერალთან“ საუბარში მაღაზია „კურა-კურას“ დირექტორი გიორგი მარტაშვილი ჰყვება, მან ერთ-ერთ საერთაშორისო გამოცემაში წაიკითხა, რომ მაგნიტური ჟელე (Magnetic Putty) ე.წ. ტყლარწის ერთ-ერთი სახეობა შეიცავს სახიფათო ნივთიერებებს და თავის დაზღვევის მიზნით, თავადაც ამოიღო გაყიდვიდან ეს სახეობა. 

გიორგი მარტაშვილი ამბობს, რომ მან არაფერი იცის ადგილობრივი კვლევის შესახებ, არც არავის მოუთხოვია მისთვის მაგნიტური ჟელეს გაყიდვიდან ამოღება. უბრალოდ მან როგორც მაღაზიის მფლობელმა სტატიის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა, აღარ გაეყიდა, ე.წ. ტყლარწის ეს სახეობა. თუმცა, დარწმუნებული არ არის, რომ ეს სწორედ „ტყლარწია“, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წარმოების მაგნიტური ჟელე შედის.

მასალა, რომელზეც გიორგი მარტაშვილი საუბრობს, 26 იანვარს BBC-ზე გამოქვეყნდა. როგორც მასალაშია საუბარი, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მაგნიტურ ჟელეში (Magnetic Putty) დარიშხანის შემცველობა დასაშვებ ნორმას 7-ჯერ აღემატება. შესაბამისად, კომპანია Amazon-მა ამ სახელწოდების სათამაშო გაყიდვიდან ამოიღო, მოტივით, რომ მომხმარებლის უსაფრთხოება მათი პრიორიტეტია.

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის (Northamptonshire) სავაჭრო სტანდარტის მიხედვით, მაგნიტურ ჟელეში მაგნიტის შემცველობა დასაშვებზე 29-ჯერ მეტია. ის ასევე შეიცავს ტყვიის დიდ ოდენობასაც.

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი მარინა გიორგობიანი, რომელიც სიუჟეტში მაგნიტურ ჟელეს შემცველობას აფასებს, ამბობს, რომ მას არც ლაბორატორიული კვლევა უნახავს და არც თავად მაგნიტური ჟელე. უბრალოდ მას სთხოვეს, შეეფასებინა დარიშხანის ზიანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

„მე არც კი მქონდა ნანახი. დაგვიანებით ვნახე ინტერნეტში ეს ტყლარწი. როგორც ჩანს საინფორმაციო წყაროებიდანაა მოპოვებული, თორემ ლაბორატორიული დასკვნა ნამდვილად არ მინახავს. ვინ ჩაატარა კვლევა, არ ვიცი, მაგრამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უკვე ამოიღესო. რადგან „ბიბისიმ“ ეს გაავრცელა ალბათ შესაბამისი გამოკვლევები ჰქონდა. ამას ყველა ქვეყანა აკეთებს, ჩვენ გარდა. უნდა არსებობდეს სტრუქტურა, რომელიც თავის თავზე აიღებს ამას და შეამოწმებს“, - ამბობს მარინა გიორგობიანი.

საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოებას არავინ ამოწმებს. არ არსებობს უწყება, რომელიც სათამაშოების კონტროლზე აიღებს პასუხისმგებლობას.

პროდუქტის უსაფრთხოების ზოგად დირექტივაში, რომლის გათვალისწინებაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აკისრია, ნათქვამია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ შესაბამისი ორგანოების ამოცანები. მათ უნდა მიიღონ ზომები ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას უქმნიდეს საფრთხეს; გონივრულ ვადაში მისცენ გაფრთხილება რისკის არსებობის შესახებ.

„ნებისმიერი სახიფათო პროდუქტის შემთხვევაში: უნდა აიკრძალოს მისი რეკლამა და დაადგინონ წესები აკრძალვის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი საშიში პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც უკვე ბაზარზეა: [შესაბამისმა ორგანომ] უნდა მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივ გატანა და აცნობოს მომხმარებელს არსებული რისკის შესახებ. მწარმოებელსა და დისტრიბუტორთან ერთად გაუწიოს კოორდინაცია ან, თუ საჭიროა, მოახდინოს მყიდველისგან საშიში პროდუქტის უკან გამოთხოვისა და შესაბამის პირობებში განადგურების ორგანიზება“, - ნათქვამია დირექტივაში. 

გარდა „პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების დირექტივისა“, არსებობს უშუალოდ სათამაშოებთან დაკავშირებული დირექტივა (Toy Safety Directive 2009/48/EC), რომელიც საქართველოში 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა ამოქმედდეს. ამის შესახებ ლია თოდუამ ისაუბრა სტატიაში „საშიში სათამაშოები“.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უნდა ყოფილიყო ის უწყება, რომელიც ბაზარზე ზედამხედველობას დაიწყებდა.

ეკონომიკის სამინისტროში ამბობდნენ, რომ ბაზრის ზედამხედველობისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ევროპული ქვეყნების ლაბორატორიების მომსახურების გამოყენებაც.

სათამაშოებთან დაკავშირებული დირექტივის ამოქმედებამდე დაიწყო თუ არა სააგენტომ ბაზარზე ზედამხედველობა, ამის გასარკვევად „ლიბერალი“ ეკონომიკის სამინისტროსთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს.

საშიში სათამაშოები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^